ვაქცინები პრობლემა იყო და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მან ის ვაქცინები დაასახელა, რომლითაც დღეისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს და განმარტა, რომ ვაქცინაციის ტემპი არასაკმარისია.
„შეგახსენებთ, რომ 1 მლნ ვაქცინა 2 კვირის წინ ჩამოვიდა, „ფაიზერის“ 1 მლნ დოზის შემოტანა დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას შემოვა, ასევე დაგეგმილია უახლოეს პერიოდში აშშ-ის მთავრობიდან საჩუქარის მიღება; გარდა ამისა, გუშინწინ დამატებით ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ შემოვიდა ანუ 1.5 მლნ დოზა ადგილზე გვაქვს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალაქეებისთვის - აცრილებში დაინფიცირების რაოდენობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია ანუ აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ამიტომ ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის, ოჯახის წევრების და შვილების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.




























