მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცხადია, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას - ირაკლი ხმალაძე

634fc17ccd502
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.22 13:19
718
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის საქალაქო სამსახურებს ყველა იმ ობიექტის შემოწმება დაავალა, რომლებზეც საექსპერტო დასკვნა „მშენექსპერტს“ ჰქონდა გაცემული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ობიექტების რაოდენობა, რომელთა შემოწმება მერიის სამსახურებს მოუწევთ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მერის დავალება ბოლომდე შესრულდება.

„ყველა სამსახური დაიწყებს მუშაობას, რომ ამოვიღოთ დოკუმენტაცია, სადაც ეს კომპანია დასკვნებს გასცემდა. ამის შემდეგ მივხვდებით რამდენი ობიექტია. ამ დავალებას თავიდან ბოლომდე მივყვებით და შევასრულებთ, ყველა ობიექტი, სადაც „მშენექსპერტს“ დადებითი დასკვნა აქვს გაცემული, თავიდან გადამოწმდება", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საფრთხე უფრო მასშტაბური იყოს, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ პასუხის გაცემა დღეს გაუჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობით ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ახორციელებს.

„არც ერთი სახელმწიფო შესყიდვის ორგანო არ არის ექსპერტი და არ აქვს ეს უფლებამოსილება, არც კვალიფიკაცია, რომ საექსპერტო სამუშაოები განახორციელოს, თუნდაც გადაამოწმოს, შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ეყრდნობა დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას“, - თქვა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისიც თქვა, რომ მერია გამოძიებისგან ელის პასუხს კითხვაზე, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემებმა.

„ველოდებით პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე. ცხადია, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, სხვა შემთხვევაში დაცვის სისტემებს უნდა ემუშავა და არც ამ ტრაგედიის წინაშე უნდა ვყოფილიყავით“, - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა მცირე კომენტარი გამოძიების შესახებ დასმულ კითხვებზეც გააკეთა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვისაც დააკავებენ, ხმალაძე პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

"საგამოძიებო პროცესი გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა მან და დასძინა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

შეგახსენებთ: 12 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა. შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. სამიდან ორი თავს კარგად გრძნობს, ხოლო ერთი - 13 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის +"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. უწყების ცნობით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები