"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
„როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს - გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27% შეადგინა 2020 წელთან შედარებით. ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - განაცხადა მინისტრმა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ექსპორტმა 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 25.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემს და 10,077 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს. 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა და 14,319.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს.




























