მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიას პარკირების წესის დარღვევისთვის 7000 ლარის ჯარიმა მიუვიდა” - ივა ჭყონია

6388559d506ed
ანუკა ჯოხაძე
02.12.22 14:10
915
დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომობილების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ საპარკინგე ადგილების არ არსებობის გამო დისტრიბუტორებს პარკირების წესების დარღვევა უწევთ, რის გამოც ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმა იწერება.

მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც პარკირების წესის დარღვევის გამო ჯარიმები გაიზარდა. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, გაზრდილი ჯარიმების ფონზე ერთ-ერთ კომპანიას პარკირების წესების დარღვევის გამო თვეში 7000 ლარამდე ჯარიმა მიუვიდა.

“პრობლემები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც კოლოსალურად გაიზარდა, გახუთმაგდა პარკირების წესის დარღვევის გამო ჯარიმები. ძირითადად რა პრობლემასაც ვაწყდებით, უკონტაქტო პატრულის მხრიდან იქნება დაწერილი თუ თბილისის პარკინგისგან მძიმეა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თვის განმავლობაში თუ 800-1000 ლარამდე ჰქონდა გამოყოფილი საპარკინგე ჯარიმებისთვის თანხა, დაახლოებით 1 თვის ჭრილში 7000 ლარამდე მოუვიდა ჯარიმა. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი”, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ქალაქში 550 საპარკინგე ადგილის გამოყოფა გარკვეულწილად მოაგვარებს პრობლემებს, თუმცა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, ასოციაციამ მერიას ამ მიმართულებით არსებული პრობლემური უბნების ჩამონათვალი კი მიაწოდა, თუმცა სად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე არეალები, ჯერ უცნობია.

ივა ჭყონია ამბობს, რომ კომუნიკაცია ამ საკითხზე ბიზნესთან მსჯელობა არ ყოფილა. მისი განმარტებით, საპარკინგე ადგილების გამოყოფა პოზიტიური სიახლეა, თუმცა პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები, რაც საერთაშორისო მასშტაბით ისედაც აპრობირებულია.

“კი გამოიყო საპარკინგე ადგილები, მაგრამ როდესაც ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა დააპარკინგებს და შემდეგ მეორე კომპანია მიდის ამ ობიექტზე, სანამ დაელოდება, უკონტაქტო პატრული მას აჯარიმებს. არის ასეთი პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში და ამერიკაშიც არაერთხელ არის გამოყენებული.

როცა რაიმე სავაჭრო წერტილთან მიდი სადისტრიბუციო კომპანია, ავარიული რეჟიმის ჩართვის შემთხვევაში არის გარკვეული მანიშნებელი, სტიკერი, რომელიც მას მიკრული აქვს, ეს კი მას რაღაც დროის განმავლობაში ჯარიმისგან ათავისუფლებს, თუ ეს რა თქმა უნდა არ ქმნის ავარიულ მდგომარეობას”, - აცხადებს ივა ჭყონია. 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემებზე გადაჭრის გზებზე რამდენიმე კვირაში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება, სადაც მონაწილეობას ყველა მხარე მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები