მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო EU-ს €75-მილიონიან დახმარებაზე უარის თქმაზე განცხადებას ავრცელებს

612e39b4bd405
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.21 18:15
1248
დღეს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან სასესხო შეთანხმება ცალმხრივად მოშალა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ბიუჯეტში მოზიდვის საჭიროება აღარ დგას შესაბამისად, მთავრობა EU-ს მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშს აღარ აიღებს. მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ფინანსური თვალსაზრისით მყარ პოზიციებს უკავშირებს, რის შესახებაც განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება ფინანსთა სამინისტროს დაავალა, თუმცა არც პრემიერი და არც ფინანსთა სამინისტრო არ საუბრობენ მთავარ პოლიტიკურ მიზეზზე, რის გამოც დახმარების მიღება აღარ მოხდება, კერძოდ კი ევროკავშირის ფინანსური დახმარება სასამართლო რეფორმაზე იყო მიბმული, ხოლო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები კი მთავრობამ არ შეასრულა და ევროკავშირთან მოქმედი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გადაწყვეტილება მიიღო. 

"საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მათ მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში განხორციელდა არაერთი სტრუქტურული რეფორმა.

საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე - არის უსაფუძვლო,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

უფრო ვრცლად, თუ რატომ აუქმებს საქართველო ევროკავშირთან არსებულ ფინანსურ შეთანხმებას წაიკითხეთ ბმულზე.

რას აცხადებდა ივლისში ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები