მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, ქარისა და მზის ენერგიამ გლობალური მიწოდების 12% დააკმაყოფილა

6437c80ea2244
გიორგი არონია
14.04.23 01:00
731

გასულ წელს, ელექტროენერგიის გლობალურ მიწოდებაში ქარისა და მზის ენერგიის წილი 12.1%-მდე, ხოლო სუფთა ენერგიის, ანუ განახლებადი და ბირთვული ენერგიის წილი 39%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკული კვლევითი ორგანიზაციის, Ember-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

დოკუმენტის თანახმად, ერთი წლის ჭრილში, მზის ენერგიის გამომუშავება 24%-ით გაიზარდა - გამოდის, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგიის წყაროს ტიტულს მზე უკვე თვრამეტი წელია, რაც არ თმობს. ამავე პერიოდში, ქარის ენერგიის გამომუშავება 17%-ით გაიზარდა. Ember-ის ინფორმაციით, მზის ენერგიის შემთხვევაში ზრდა იმდენად დიდია, რომ ის თავისუფლად დააკმაყოფილებს სამხრეთ აფრიკის ელექტროენერგიის ერთწლიან მოთხოვნას.

პარალელურად ამისა, იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ელექტროენერგიის სულ მცირე 10%-ს ქარისა და მზისგან გამოიმუშავებენ. ენერგიის ამ ორი წყაროს ზრდასთან ერთად, 2011 წლის შემდეგ პირველად დაიკლო ენერგიის სუფთა წყაროებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა, რაც, უმეტესწილად, მსოფლიოში ატომური და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ზრდის ტემპის შენელებას და ქვანახშირზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

ენერგეტიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც, რომელსაც მკვლევრები ერთგვარ გარდატეხის წერტილად მოიხსენიებენ. “2022 წელი დაგვამახსოვრდება, როგორც გარდატეხი მომენტი სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესში. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ბუნებრივ წიაღისეულზე მკვეთრად გაზრდილმა ფასებმა სახელმწიფოებს მათი გეგმების გადახედვისკენ და ბუნებრივ წიაღისეულზე დამოკიდებულების შემცირებისკენ უბიძგა. ამასთან, ომმა დააჩქარა ელექტრიფიკაციაც, რაც სითბური ტუმბოების, ელექტრომობილისა და წყალბადი წარმომქმნელების რაოდენობის ზრდაზე აისახება. ყველაფერი ეს ემისიებს სხვა სექტორებშიც შეამცირებს და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესს დააჩქარებს”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

გლობალურ სტატისტიკასთან ერთად, Ember-მა მონაცემები ქვეყნების მიხედვითაც გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროკავშირის ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, ანუ 39% (1102 ტვტ/სთ) ბუნებრივ წიაღისეულზე მოდის. ამათგან, 20%-იანი წილი ბუნებრივ აირზე (556 ტვტ/სთ), 16% ქვანახშირზე (446 ტვტ/სთ), ხოლო 3.6%, ანუ 99 ტვტ/სთ სხვა ბუნებრივ წიაღისეულზე მოდის. ამასთან, ევროკავშირის ელექტროენერგიის 22%, ანუ 624 ტვტ/სთ ქარისა და მზის ენერგიაზე , ხოლო 22% ბირთვულ ენერგიაზე (613 ტვტ/სთ), 10% ჰიდროენერგიაზე (282 ტვტ/სთ) და 6%, ანუ 167 ტერავატსაათი ბიოენერგიაზე მოდის.

ენერგეტიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, პარიზის 2015 წლის შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირის ემისიები 16%-ით შემცირდა. ამასთან, ბირთვული ენერგია და ქვანახშირი, უმეტესწილად, ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლა, რომლის მოხმარება ერთი წლის ჭრილში 40%-ით გაიზარდა. 2015 წლის შემდეგ, ევროკავშირში გაიზარდა ქარისა და მზის ენერგიის გენერაციის მაჩვენებელიც - ამ მხრივ, ზრდა 71%-ს შეადგენს. მკვლევრების დათვლებით, მზისა და ქარის ენერგიაზე ევროკავშირი გლობალურ საშუალოზე გაცილებით უფრო სწრაფად გადადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები