183 ლარი არის თანხა, რაც საქართველოს მოქალაქეებს 2022 წლის საახალწლო სუფრის გაშლა დაუჯდებათ. ISET-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.3%-ით არის გაძვირებული.
ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, საახალწლო სუფრა შემდეგი კერძებისგან შედგება: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტი - ხილი და გოზინაყი.
"სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა", - ნათქვამია ანგარიშში.
საახალწლო სუფრის ღირებულება რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 189.1 ლარი, ფასის ზრდა 5.5%
იმერეთი - 186.3 ლარი, ფასის ზრდა 9.5%
მცხეთა-მთიანეთი - 185.8 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
სამცხე-ჯავახეთი - 183.7 ლარი, ფასის ზრდა 8.1%
ქვემო ქართლი - 183 ლარი, ფასის ზრდა 4.5%
აჭარა - 182.6 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
შიდა ქართლი - 180.4 ლარი, ფასის ზრდა 11.0%
გურია - 177.8 ლარი, ფასის ზრდა 8.3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 177.3 ლარი, ფასის ზრდა 14.8%
კახეთი - 176.5 ლარი, ფასის ზრდა 6.0%
"2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შერადებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).
ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვა და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია", - ნათქვამია ISET-ის ანგარიშში.




























