მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უკრაინაში გენერატორებს წლის ბოლომდე გაგზავნის - ვიცე-პრემიერი

63a05636c971d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.22 16:29
504
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს წლის ბოლომდე გაგზავნის. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენერატორებით დახმარების გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო ელექტროსისტემამ გენერატორების შესყიდვის დავალება მიიღო, რადგან დამატებითი გენერატორები მარაგში არ ჰქონიათ.

„დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს გენერატორებით დავეხმარებით. ისინი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერის მოწყობილობებს მიიღებენ. შესყიდვის პროცედურა დაწყებულია და გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. აქ მნიშვნელოვანია სიმძლავრეები - ჩვენ ისე დავგეგმეთ, რომ ეს გენერატორები სხვადასხვა სიმძლავრის იყოს, ისე რომ მაქსიმალური მოქნილობა ჰქონდეთ და გამოიყენონ როგორც კორპუსებისთვის, ასევე კორპუსების ბლოკებისთვის და ა.შ. შესაბამისად, ენერგეტიკული კუთხით კარგად გათვლილი შესყიდვის კონტრაქტია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება და წლის ბოლომდე ამაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილი ასიგნების ფარგლებში 1,5 მლნ ლარი გამოყო, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით შეისყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვმა განცხადების შემდეგ იყო მიღებული, რომელიც უკრაინის მიერ საქართველოსთვის გენერატორებით დახმარების ოფიციალურ თხოვნას შეეხებოდა. როგორც 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კასიანოვმა განაცხადა, ამ თხოვნაზე პასუხი უკრაინას იმ დროისთვის მიღებული არ ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები