საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისი განკარგულებების და დადგენილებების გასაჯაროება პირველივე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ის რომ მთავრობის გადაწყვეტილებები საჯარო იქნება, ამას გიდასტურებთ. ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო და თქვენ ამას გაიგებთ ხოლმე. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი და ქვეყნის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ხოლო BM.GE-ის ჩაკითხვაზე - გამოქვეყნდება თუ არა მთავრობის განკარგულებები, ლევან დავითაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: „განკარგულებებთან დაკავშირებით, დიახ, ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა და ეს ასეც იქნება, ანუ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებების, განკარგულებებისა და დადგენილებების შესახებ“.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. BMG-იმ არაერთხელ სცადა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან განკარგულებების გასაჯაროებაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობდნენ. მაგალითისთვის, IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებდნენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ განხილული 531 განკარგულების პროექტიდან, თითქმის ყოველი მე-4 სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა და არც ერთი დოკუმენტი საჯარო არ არის.
მიმდინარე წლის დასაწყისში კი საქართველოს მთავრობამ სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება აიღო, რაც ღია მმართველობის ეროვნული გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.