მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის 25-ე დღე: „უკრაინის თავდაცვამ კიევთან რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურა“

6236e39ad2278
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 12:18
4886
უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 25-ე დღე გავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის 24 დღის დასრულებისა და 25-ე დღის დასაწყისისთვის არსებული მდგოარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

20 მარტის 06:00 საათისთვის არსებული ოპერატიული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების მდგომარეობა, მდებარეობა და ხასიათი არსებითად არ შეცვლილა. უკრაინელები მტერთან შეწინააღმდეგებას ეფექტიანად ახდენენ. საჰაერო ძალებმა კი სამი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„კოსტრომას 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის კონსოლიდირებული რაზმი, რომელიც კიევის მიმართულებით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, განადგურებულია და იქიდან მხოლოდ ერთი სამხედრო გადარჩა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერს აქტიური თავდასხმითი მოქმედებები არ განუხორციელებია, მისი ძალები არსებული დანაკარგების შევსებაზე, ნაწილობრივ განადგურებული ტექნიკის აღდგენასა, დაქირავებული სამხედროების უკრაინის საზღვართან განლაგებაზე და უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებაზე იყო მიმართული“, - აღნიშნავენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები ტერორისტული მეთოდებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის მიზნით, უხეშ ადმინისტრაციულ-საპოლიციო რეჟიმს ამყარებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოდან სურსათითა და მედიკამენტებით დატვირთული 14 სატვირთო მანქანა გაემგზავრა. ჰუმანიტარული კოლონა რუსმა დამპყრობლებმა უმიზეზოდ არ გაატარეს. ამ გზით ისინი ადგილობრივი მოსახლეობას კოლაბორაციონიზმისკენ ძალდატანებით უბიძგებენ. ამასთან მტერი მოსახლეობაში ოკუპანტების ადმინისტრაციისადმი მიმართვის მოწოდებით ფურცლებს ავრცელებს. მოქალაქეებს საკრედიტო ვალების გაუქმებას, ადგილობრივ წარმოებებს კი ბიზნესის წარმოებისას პრეფერენციებს სთავაზობენ.

ამ პირობებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობა 180 კონტრაქტორის მიერ ომში მონაწილეობის უარის თქმის გამო მათ ჩანაცვლების ზომებს იღებს. მათი შემდგომი მსახურების საკითხს რუსეთის თავდაცვის სამსახური გადაწყვეტს.

გარდა ამისა, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა კურატორებმა 1-ლი არმიის კორპუსის შესავსებად მობილიზაციის მორიგი ტალღა გამოაცხადეს. მობილიზებულთა ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე გაიზარდა. იგივე ელის ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას, იმის გათვალისწინებით, რომ მე-2 არმიის კორპუსის მოქმედების ზონიდან ლუგანსკის, სოროკინოსა და დოლჟანსკოეს დასახლებებში ჯარისკაცების ცხედრებით სავსე სატვირთო მანქანები ყოველდღიურად ჩადიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აღნიშნავენ, რომ რუსული ტერორისტული ჯარები ომის წესების შესახებ საერთაშორისო კონვენციების ღიად დარღვევას აგრძელებენ. ამასთან, „რუსი დივერსანტების მიერ დივერსიული და დისკრედიტაციისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმის გამოყენების ფაქტები მასიურად ფიქსირდება. თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხედრო დამნაშავეებს და დაქირავებულებს ანადგურებენ“, - ნათქვამი გენშტაბის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები