მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ონლაინკაზინოების აკრძალვით პრობლემა არ მოიხსნება, ის ჩრდილოვან სექტორში იარსებებს"

619babbfb30ad
მარიამ ვარადაშვილი
22.11.21 22:40
928
ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, ონლაინკაზინოების რეგულაციის გამკაცრებით, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, მომხმარებელი სამორინეებს გაეზრდება, რადგან ადამიანები ინტერნეტსივრციდან ფიზიკურ სათამაშო დაწესებულებებში გადაინაცვლებენ.

საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და 25 წლამდე აიწევა მომხმარებლის ასაკობრივი ზღვარი. მეორე ეტაპზე კი ონლაინკაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს.

“დავუშვათ, მთავრობა მთლიანად სათამაშო ბიზნესის აკრძალვას ვარაუდობს, ამით პრობლემა მაინც არ მოიხსნება და ის ჩრდილოვან სექტორში მაინც იარსებებს, რადგან საზოგადოებაში მათზე მოთხოვნა დიდია და პრობლემის გადაჭრა, რაც ხელისუფლებასა თუ პრემიერს სურს, ვერ მოხდება”, - აცხადებს აკაკი ცომაია.

Bm.ge-სთან საუბრისას ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა როგორც რეგულაციის ფისკალურ, ისე მაკროეკონომიკურ ეფექტზე.

„რეგულაციის მაკროეფექტი იქნება ის, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს შემოსავალი შეუმცირდება. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ანუ კონკრეტულ კომპანიებზე ექნება უარყოფითი გავლენა, რადგან მსგავსი ტიპის ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია. თუ გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ ამას, ცხადია ცალსახა ნეგატიური გავლენა ექნება საინვესტიციო გარემოზე.

რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგულაციის გავლენას, გააჩნია ონლაინკაზინოებისთვის საგადასახადო ტვირთი რამდენად გაიზრდება, თუმცა ამას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება“, - ამბობს აკაკი ცომაია, თუმცა პრემიერის მიერ დაანონსებული რეგულაციის დაკანონება-აღსრულებაში ეჭვი ეპარება.

„ნაკლებად მოსალოდნელია მთავრობამ დააანონსებული რეგულაციები შეასრულოს ისევ საკუთარი მომხრეების გამო, რომლებიც ამ ბიზნესს ლობირებენ“, - ამბობს ის და ასევე, უშვებს შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებას ამ სექტორის ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა სურდეს.

"დავბრუნდებით 20 წლით უკან“ - აზარტული თამაშების ინდუსტრია პრემიერს პასუხობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები