მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე შევარჩიეთ გარდამავალი სადგურების ადგილმდებარეობა" - "შავი ზღვის კაბელის" კვლევა მიმდინარეობს

642d7495569aa
მარიამ ვარადაშვილი
05.04.23 17:17
498
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ექსპერტებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, კომისიამ ანაკლიაში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ იგეგმება ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ზღვაში ჩასვლა, ხოლო მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ისეთი საკითხები დაზუსტდება როგორებიცაა: კაბელის მარშრუტი, გარემოს დაცვისა და სოციალური სკრინინგის საკითხები და ა.შ.

„ჩვენ ვიკვლევთ საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1100 კმ სიგრძის კაბელის მეშვეობით. უკვე შევარჩიეთ მარშრუტი და გარდამავალი სადგურების ადგილმდებარეობა. ვიზიტის მიზანია, განვსაზღვროთ, რა შედეგები გვაქვს კვლევის ამ ეტაპისთვის, გადავამოწმოთ ჩვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები, რათა ინფრასტრუქტურის მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედება მინიმალური იყოს გარემოს დაცვის და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნის თვალსაზრისით,“ - განაცხადა კომპანია CESI-ს წარმომადგენელმა სტეფანო მალგაროტიმ.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობებისა და საუკეთესო გზების დადგენის მიზნით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც ელექტროსისტემის დაკვეთით კომპანია CESI ახორციელებს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად გასული წლის ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით.