მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს პერიოდში ზღვის ფსკერის კვლევა დაიწყება - სსე-ის წარმომადგენელი

შავი ზღვის კაბელი

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის, ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემის კაბელის პროექტის მომზადება აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში ზღვის ფსკერის კვლევა დაიწყება.

„ვიწყებთ შავი ზღვის ფსკერის კვლევას, რაც აუცილებელია გეოფიზიკური და გეოტექნიკური სამუშაოებისთვის, რათა დაზუსტდეს მარშრუტი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სამშენებლო ეტაპზე გადასვლა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, ერთდროულად განვითარდება თუ არა ელექტროენერგიის გადამცემი და ინტერნეტ კაბელის პროექტები.

„ინტერნეტ კაბელს ნაკლები ინვესტიცია და დრო სჭირდება, ამიტომ, შესაძლოა, უფრო ადრე განხორციელდეს. ჩვენი მიზანია კვლევითი ეტაპის რაც შეიძლება სწრაფად გავლა და სამშენებლო ფაზაზე გადასვლა. რაც შეეხება ელექტროკაბელის პროექტს, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გათვალისწინებული ორი სცენარი გვაქვს: 2031 და 2033 წლები როგორც დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის დრო. ეს დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე", - აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, პროექტზე ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა გაერთიანებასთან.

„პროექტი არ არის მხოლოდ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ხაზი. ეს არის რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიისთვის, ისე აღმოსავლეთ ევროპისთვის. ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებასთან, ასევე ევროკომისიასთან და ენერგეტიკულ დირექტორატთან. არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ გვიგრძნია.

სულ რაღაცა ორი დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებამ უკვე შეიტანა 2026-2036 წლების რვაწლიან განვითარების გეგმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ჩვენთვის", - ამბობს გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები