სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 31.6 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ავტოტრანსფორმატორებისა და ტრანსფორმატორების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა რვა კომპლექტის შეძენას ითვალისწინებს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
ტექნიკური დავალების მიხედვით, შესყიდვა მოიცავს:
- ხუთ კომპლექტ 220 კვ ძაბვისა და 200 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორს;
- ერთ კომპლექტ 220 კვ ძაბვისა და 125 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორს;
- ორ კომპლექტ 110 კვ ძაბვისა და 40 მეგავატის სიმძლავრის ტრანსფორმატორს.
200 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორებიდან ორი თბილისის „ნავთლუღი-220“-ის ქვესადგურში უნდა დამონტაჟდეს, ერთი „გლდანი-220“-ში, ხოლო ორი „დიდუბე-220“-ში. 125 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორი სენაკის „მენჯი-220“-ის ქვესადგურისთვისაა განკუთვნილი. ორი ტრანსფორმატორი კი რუსთავის „რუსთავი-220“-ის ქვესადგურში განთავსდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, 220 კვ ძაბვის ავტოტრანსფორმატორების მიწოდების მაქსიმალური ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 კალენდარული დღეა, ხოლო 110 კვ ძაბვის ტრანსფორმატორებისთვის ეს ვადა 240 დღით განისაზღვრება.
შესყიდვა მხოლოდ მოწყობილობების მიწოდებით არ შემოიფარგლება. მიმწოდებელმა ტრანსფორმატორები ქვესადგურებში უნდა მიიტანოს და შესაბამის ფუნდამენტებზე განათავსოს. მონტაჟი, ტესტირება და ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო სამუშაოები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პერსონალმა მწარმოებლის ან მის მიერ უფლებამოსილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით უნდა განახორციელოს.
ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ახალი 200 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორების ელექტრული პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს „გლდანი-220“-ის ქვესადგურში არსებულ, ჩინური კომპანია TBEA-ს მიერ დამზადებულ ანალოგიურ მოწყობილობას. 125 მეგავატის სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორის პარამეტრები კი ქვესადგურ „მენჯი-220“-ში არსებულ თურქული კომპანია BEST-ის მიერ წარმოებულ ავტოტრანსფორმატორთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მიმწოდებელი პასუხისმგებელი იქნება ახალი და არსებული მოწყობილობების პარალელურ რეჟიმში გამართულ მუშაობაზე.
რუსთავის ქვესადგურისთვის გათვალისწინებული ორი 40 მეგავატის სიმძლავრის ტრანსფორმატორი ერთმანეთის იდენტური უნდა იყოს. ერთი მათგანი არსებული 25 მეგავატის სიმძლავრის ტრანსფორმატორის ადგილას დამონტაჟდება, მეორე კი მის გვერდით, წინასწარ მოწყობილ ფუნდამენტზე განთავსდება.
სატენდერო დოკუმენტაცია მოწყობილობების ხარისხისა და საიმედოობის შემოწმების ვრცელ მოთხოვნებსაც ადგენს. მათ შორისაა ზეთის ქიმიური და ელექტრული ტესტირება, ზეთში გახსნილი აირების ქრომატოგრაფიული ანალიზი, ტემპერატურის მატების ტესტი და ელექტრული პარამეტრების სხვა გაზომვები.
დოკუმენტაციის მიხედვით, ავტოტრანსფორმატორებისთვის ძაბვის ქვეშ რეგულირების მოწყობილობის (OLTC) მწარმოებელს ვაკუუმური ტიპის მოწყობილობების დამზადების სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2016-2025 წლების მიწოდებების ჩამონათვალი, რომელიც ყოველწლიურ გამოცდილებას დაადასტურებს, ასევე მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი ამ ტიპის მოწყობილობების მიწოდების შესახებ.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.
























