მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შემცირდება მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები?

626125946ac31
თათია ჩაფიჩაძე
21.04.22 21:39
937
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი მონიტორინგის პირობებშია მიღწევადი.

„საქმიანი დილის“ ეთერში ზოიძემ განაცხადა, რომ ახალი არაეთიკური სქემების შექმნის რისკები ამჟამად ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს, რასთანაც ბრძოლა მხოლოდ მკაცრი რეაგირებით იქნება შესაძლებელი.

„თუ ეს ორი ზომა, რაც მიიღეს: თურქეთის ბაზრის გახსნა და ელექტრონული რეცეპტების შემოღება, რომლის კომპონენტია სავაჭრო დასახელების გამოწერის შეზღუდვა, განხორციელდება ისე როგორც დაგეგმილია, უდავოდ პოზიტიური იქნება იმისთვის, რომ შევძლოთ ხარისხიანი წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ამ ორ ზომას კიდევ რამდენიმე ზომა სჭირდება იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, პრობლემა კი კომპლექსურია, ქრონიკული ავადმყოფებისათვის განკუთვნილი მედიკამენტების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა უნდა გაფართოვდეს, უნდა მოიხსნას ადმინისტრაციული თუ ნებისმიერი სხვა ბარიერი. ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ მუდმივი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, რათა კონკურენცია იყოს რეალურ ბაზარზე, თუმცა მთავარი აღსრულება და სახელმწიფო კონტროლი იქნება.

ჩვენ გვახსოვს რეცეპტების შემოტანა - უდავოდ პოზიტიური ნაბიჯი, რომელმაც ვერ მოგვიტანა ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონოდა, რადგან ვერ განხორციელდა კონტროლი. მხოლოდ 1 წლის განმავლობაში კონტროლდებოდა. ამიტომაც დღეს მთელი იდეა მონიტორინგია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ფასის შემცირება ერთ-ერთი კომპონენტია, მთავარი კი პოლიფარმაციის შემცირებაა, რაც ქვეყანაში უჩვეულოდ მაღალია. "ჩვენთან ორი მანკიერი პრაქტიკაა დამკვიდრებული. ერთი, როცა ადამიანს უწერენ ორი წამლის ნაცვლად ათ წამალს და მეორეა არაეთიკური მარკეტინგი, რომელიც ლომის წილად დამნაშავეა იმაში, რომ ადამიანებს ორის ნაცვლად ათ წამალს უწერენ.

ფარმაცევტულ კომპანიებზე ამის გადატანის რისკი, რა თქმა უნდა, იქნება და რა არის ეს რისკი - მე არ შემოვიტან იმ წამალს, რომელიც იქნება მართლაც ხარისხიანი და იაფი. ფორმალურად დავიცავ კანონს, შევთავაზებ იმ პროდუქტიდან, რომელიც მე მაქვს აფთიაქში ყველაზე იაფ სამს, სინამდვილეში კი რეალურად იმას, რომელთანაც მე მაქვს კონტრაქტი დადებული არც თუ ეთიკური გზებით. თუმცა თუ მონიტორინგი განხორციელდა, ეს ადვილი აღმოსაჩენია ადმინისტრაციული თუ შერცხვენის პრინციპის გამოყენებით. სახელობით შეიძლება მიგნება ადამიანის, ვინც წერს ამ 10 წამალს. არსებული სქემები უნდა დაიმსხვრეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ რესურსი გაგვაჩნია. ვესწრებოდი შეხვედრებს, სადაც ამაზე მსჯელობა იყო, რისკები ნათლად იქნა გამოკვეთილ. შეგროვებული მონაცემების ანალიზი უნდა დაიდოს და ამის მიხედვით უნდა მოხდეს რეაგირება არა ერთი წლის მერე, არამედ ცოცხალ რეჟიმში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, 1 მარტიდან ყველა ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ ელექტრონულად გამოწეროს, 11 აპრილიდან კი რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით ხდება. შედეგად ფარმაცევტი ვალდებულია მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან" სამი ყველაზე იაფი და ხარისხიანი წამალი შესთავაზოს. შეთავაზების შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სისტემა სატესტო რეჟიმში უკვე ხორციელდება და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლიც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები