მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში შეიძლება ტყისთვის სტატუსის შეცვლა?

61bc9b6f2e736
მარიამ ვარადაშვილი
18.12.21 15:19
942
ტყის სტატუსის შეწყვეტა/დაბრუნების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები შევიდა „საქართველოს ტყის კოდექსში’’, რომლის თანახმად, ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობაც დაემატა.

უფრო კონკრეტულად, ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი საინვესტიციო წინადადების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ტყის საკურორტო-რეკრეაციული მიზნით გამოყენებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ინვესტორი ვალდებული იქნება, ტყის ლანდშაფტის 75% შეინარჩუნოს. კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა მთავრობის დადგენილება, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

ცვლილებებით, საინვესტიციო წინადადების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები გარემოზე ზემოქმედების შეფასებასაც უნდა ექვემდებარებოდეს.

გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა გადაწყდეს.

ცვლილებების თანახმად, ტყის საკურორტო-სარეკრეაციო მიზნით გაცემის რამდენიმე კრიტერიუმი განისაზღვრა: ლანდშაფტის 75% შენარჩუნებული უნდა იყოს და პროექტის განხილვა საჯაროდ უნდა წარიმართოს.

რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, ტყის ფართობს და სხვა კრიტერიუმებს, ამას უკვე მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს, რომელსაც როგორც კანონპროექტის ავტორი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გამოიცემა:

“ტყის კოდექსის მიღებამდე ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელი იყო ნებისმიერი ტიპის საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში. ახლა კანონსი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი საინვესტიციო წინადადების არსებობის დროს, როგორიც არის რეკრეაციული მიზნით ტყის გამოყენება. ამასთან, ბუნებრივი ლანშაფტის 75%-ის შენარჩუნება უნდა მოხდეს.
დანარჩენი კრიტერიუმები მთავრობის დადგენილებით გაიწერება. ანუ პირობა არის მხოლოდ და მხოლოდ ტურისტულ-რეკრეაციული მიზანი. მაგალითისთვის რომ წარმოიდგინოთ, ყვარლისა და ლოპოტას ტბები, დაახლოებით, ასეთ ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, ოღონდ ბუნებრივი ლანდშაფტი ხელუხლებელი უნდა დარჩეს”, - განმარტა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები