რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ზარალი სრულად, მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგის, მშპ-ის და ინვესტიციების გათვალისწინებით, 564.9 მლრდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემები აქვეყნებენ.
მინისტრი განმარტავს, რომ ზარალის დათვლის მინიმუმ 2 მეთოდი არსებობს. პირველი - ეს არის უშუალო ნგრევიდან მიყენებული ზიანის შეფასებაა, მეორე - სამხედრო ქმედებების შედეგად ზოგადი დანაკარგების შეფასება, ანუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმუშევრობის ზრდა, ვაჭრობის ბლოკირება, სამომხმარებლო მოთხოვნის კლება და სხვა.
ახლა ყველაზე მეტად უკრაინამ ინფრასტრუქტურის ნაწილში იზარალა, რაც 119 მლრდ დოლარს შეადგენს. განადგურებული და დაზიანებულია 8 ათასი კილომეტრი გზა, ათობით რკინიგზის სადგური და აეროპორტი.
უკრაინამ 2022 წელს 112 მლრდ დოლარის ღირებულების მშპ დაკარგა. 90.5 მლრდ დოლარად ფასდება მოსახლეობის დანაკარგი: 10 მლნ კვ.მ. საცხოვრებელი, 200 ათასი ავტომობილი, 5 მლნ ადამიანის სასურსათო მომარაგება.
წარმოებისა და ორგანიზაციების დანაკარგები 80 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო უკრაინის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დანაკარგი 54 მლრდ დოლარად. დამატებით 48 მლრდ დოლარის დანაკლისი შეტანილია სახელმწიფო ბიუჯეტში.
„აღსანიშნია, რომ რიცხვები ყოველდღიურად იცვლება. სამწუხაროდ, ისინი მზარდია. სწორედ ამიტომ უკრაინამ, არსებული გამოწვევების მიუხედავად აგრესორის მხრიდან ანაზღაურების მიღებას როგორც სასამართლო გადაწყვეტილებებით, ასევე ჩვენი სახელმწიფოსთვის რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების გადმოცემით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.




























