მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე? - ლექსო ალექსიშვილის შეფასება

64284fc0f020b
ლიკა მეგუთნიშვილი
01.04.23 21:03
803
PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების გამომწვევ ფაქტორებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა - ლოგიკურია, იმ გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია.

„ერთი მხრივ, სანქციებისა და დანარჩენი ეკონომიკური სამყაროსგან მოწყვეტის გამო რუსეთმა სავაჭრო ურთიერთობები გაზარდა, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ რუსეთთან გაგვეზარდა ვაჭრობა, არამედ - ამ ქვეყნებთანაც. მაგალითად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში. ლოგიკურად, რასაც ეს შეიძლება გამოეწვია არის ის, რომ რასაც ისინი აქამდე რუსეთის გავლით იღებდნენ, ახლა საქართველოსა და რეგიონის გავლით იწვევენ. სწორედ ამან გამოიწვია საქართველოში ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართულებით. მეორე მხრივ კი, რუსული ექსპორტის ზრდა მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის, რუსული ნავთობპროდუქტებისა თუ ხორბლის ექსპორტის ზრდა საქართველოში, ესეც ლოგიკურია, რადგან პრაქტიკულად მათთვის ბაზარი ეს არის. ამასთანავე, მსოფლიოში ინფლაციური წნეხის გამო ყველა სხვა ბაზარზე მაღალი ფასი, განაპირობებს იმას, რომ იაფიანი პროდუქტი მივიღოთ და ამ პროდუქტს ჩვენ ნავთობპროდუქტების სახით რუსეთიდან ვიღებთ“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

როგორც ალექსიშვილი აღნიშნავს, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ პატარა ეკონომიკაა და ამის გამო, უამრავი შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გზა ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციაა.

მისი თქმით, ევროპული ბაზარი, როგორც ყველაზე დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი - საქართველოს ექსპორტისთვის უალტერნატივოა.

"ის, რომ საქართველოსთვის ევროპული ბაზარი მიმზიდველია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უპირველესად იმიტომ, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია. შესაბამისად, ქართული ექსპორტისთვის ევროპული ბაზარი გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე - რუსული. ამიტომ, რაც უფრო მაღალი იქნება ინტეგრაციის ხარისხი, მით უფრო დადებით შედეგს მივიღებთ. მეტიც, არა მხოლოდ ევროპული ბაზარი უნდა იყოს ქართული ეკონომიკისთვის ინტეგრაციის მიმართულება, არამედ სხვა ბაზრებიც, მათ შორის: ჩინეთი, არაბული ქვეყნები, თურქეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტი ალტერნატივა უჩნდება როგორც ექსპორტისა და იმპორტისთვის, ასევე კაპიტალის მოძრაობისთვის“, - განაცხადა PMCG-ს გენერალურმა დირექტორმა.

ალექსიშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე შემცირდეს, აუცილებელია 12-პუნქტიანი რეკომენდაცია ზუსტად შევასრულოთ და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იქნება სიგნალი ყველასთვის, თუ რა არის პრიორიტეტი საქართველოსთვის და რა პერსპექტივა შეიძლება გააჩნდეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას. სწორედ სამომავლო პერსპექტივაა ის, რის მიხედვითაც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს. ყველა ინვესტორი გრძელვადიანი თვალსაწიერით იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად საზღვრავს ამა თუ ქვეყანაში განახორციელოს თუ არა ინვესტიცია. თავის მხრივ ინვესტიცია კი, საქართველოს ეკონომიკისთვის უპირობოდ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამიტომ, მთავარი ამოცანა რაც დღეს ჩვენ გვაქვს არის ის, რომ უზრუნველვყოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხური და ის, რაც საქართველოს ეკონომიკის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას განაპირობებს“, - აღნიშნავს PMCG-ს გენერალური დირექტორი, ლექსო ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები