მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის სებ–ის საგამონაკლისო წესი „არასერიოზული“? – ლექსო ალექსიშვილი აბუ ომარ ალ შიშანის მაგალითზე

ლექსო

„პოლიტიკა ხშირად ამახინჯებს შინაარსს“ – ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა არ ნიშნავს რაიმეს კონფისკაციას, არამედ იმისთვის კეთდება, რომ სასამართლომ საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს და ეჭვმიტანილმა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლოს.

კითხვა ეხებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„ანუ სანქციის აღსრულებასა და სანქციის დადებას შორის გარკვეული პროცედურა გავაჩინეთ, რომელიც შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და შესაბამისად, შუალედური მოკვლევა, შესწავლა, ჩვენი კანონმდებლობის როლი და ფუნქცია აღარ დაიკარგა“ – განმარტა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, სანქციები და წესი, რომელიც ბოლო დრომდე მოქმედებდა, ითვალისწინებდა, რომ რომელი ქვეყნის სასანქციო სიაშიც არ უნდა მოხვდეს პირი, ავტომატურად უნდა იმოქმედონ – გაუჩერონ ტრანზაქციები, გაუყინონ ანგარიშები.

PMCG-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გასაანალიზებელია ერთი მხრივ, საკითხი, რომელიც დგას – სანქცირებული პირს, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო დანაშაულში – მაგალითად, ტერორიზმში მონაწილეობაში – აქტივებზე დროებით უნდა შეეზღუდოს წვდომა, სანამ სასამართლო მისთვის განაჩენს არ გამოიტანს და მეორე მხრივ – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ პირიქით, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე სახელმწიფო ვერაფერს მოიმოქმედებს.

„გავაანალიზოთ, ეს რას ნიშნავს – ყოფილა თუ არა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში დაბადებული ადამიანი ტრანსნაციონალურ დანაშაულში ან საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი?“ – ამბობს ლექსო ალექსიშვილი და „ანალიტიკა“–სთან კონკრეტული ქეისი მოჰყავს.
ეს აბუ ომარ ალ შიშანის მაგალითია.

აბუ ომარ ალ-შიშანის ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილია (1986–2016) –ჯიჰადისტი საქართველოდან, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან და ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის ლიდერი, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. 2014 წლის სექტემბრიდან აბუ ომარ ალ შიშანი აშშ–ის ხელისუფლების „შავ სიაში“ იყო შეყვანილი.

„ამ კონკრეტულ ვითარებაში ჩვენს პარტნიორებს რომ ეთქვათ – შეუზღუდეთ ალ შიშანს წვდომა თავის ფინანსურ აქტივებთან, თუკი მას ჰქონდა რაიმე ფინანსური აქტივი, ჩვენ ეს არ ვიცით – და ამ დროს წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ გვეთქვა – უკაცრავად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ახმეტის ან თელავის სასამართლოს განაჩენს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდებით, რომ ის დამნაშავეა, შევუზღუდავთ აქტივებზე წვდომას. ეს ძალიან არასერიოზულია. არ სჭირდება ამას ბევრი განხილვა“ – ამბობს ლექსო ალექსიშვილი „ანალიტიკა“–სთან.

PMCG-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ საერთაშორისო შეზღუდვები და დათქმები ტრანსნაციონალურ დანაშაულს ეხება, რაც არ არის კავშირში არც რუსეთის ომთან უკრაინაში, არც კონკრეტულად ამ კონტექსტში დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.

„ეს არის ფართოდ ჩამოყალიბებული კონკრეტული წესები, რომლებიც გააჩნიათ ჩვენს პარტნიორებს და არა მხოლოდ პარტნიორებს – ეს არის საერთაშორისო წესები, რომელსაც მიერთებულია ყველა სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართალს აღიარებს“ – ამბობს ლექსო ალექსიშვილი „ანალიტიკა“–სთან.

PMCG-ის გენერალური დირექტორის თქმით, საერთაშორისო წესებზე შეჯერება მნიშვნელოვანია, რაც უკეთ ჩანს, როცა კონკრეტულ ჰიპოთეტურ მაგალითზე საკუთარ თავზე წარმოიდგენ საერთაშორისო წესის ინტერპრეტაციის ეფექტს.

„წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში – რომელიც პატარა ეკონომიკაა მსხვილი, კარგად გამართული საბანკო სისტემით – რომელიმე ბანკს აქვს პრობლემა: რომელიმე თაღლითმა სხვა ქვეყანაში ჩვენს ბანკს პრობლემა შეუქმნა და ჩვენი ბანკიც სასწრაფოდ ითხოვს – შეუჩერეთ თაღლითს ფინანსურ აქტივებზე წვდომა, რადგან საერთაშორისო დანაშაულთან მაქვს საქმე და მინდა, ჩემი ბანკის და ჩემი კლიენტების ინტერესები დავიცვა და ამ დროს, იმ ქვეყანამ რომ გვითხრას, განვიხილავ ამას ჩემს სასამართლოში იმიტომ, რომ სუვერენიტეტი უნდა დავიცვა და მხოლოდ ამის შემდეგ, დავაკმაყოფილებ ქართული ბანკის მოთხოვნასო. არასერიოზულია" – ამბობს ლექსო ალექსიშვილი "ანალიტიკა"–სთან.
ნათია თურნავას გადაწყვეტილებას სებ–ის სამი ვიცე–პრეზიდენტის და პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომა მოჰყვა. ამ დრომდე არ ვიცით, როდის და რა პირობებით შეიძლება განახლდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის Stand-by პროგრამაც, რომელიც ამ დროისთვის შეწყვეტილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები