მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან ბოკერია სახელმწიფოს “ჯორჯიან ეარვეისის” 30%-50%-ის შეძენისკენ მოუწოდებს

61e55836489af
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 16:45
2308
“ჯორჯიან ეარვეისი” 150 მილიონ დოლარად იყიდება. ავიაკომპანიისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაზე “ჯორჯიან ეარვეისის” ყოფილი დირექტორის, რომან ბოკერიას მიერ დაფუძნებული “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი” მუშაობს.

გაყიდვის მცდელობის მიუხედავად, “ჯორჯიან ეარვეისი” 2021 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესშია. კომპანიას ათობით მხარის მიმართ 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რომელსაც ვერ ემსახურება, ხოლო მისი აქტივები კი მხოლოდ 21 მილიონი ლარია.

ავიაკომპანიის წილების სავარაუდო რეალიზაციასთან დაკავშირებით BMG რომან ბოკერიას ესაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო შეზღუდვებისგან გამომდინარე, არ შეიძლება უცხოურ მხარეს საქართველოს ეროვნულ ავიაკომპანიაში მაჟორიტარული წილი ეკუთვნოდეს, ამიტომაც გარიგებით კომპანიის მხოლოდ 49%-ის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. ამასთან ბოკერია ამბობს, რომ ავიაკომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება თუკი 30%-დან 50%-მდე წილს საქართველოს სახელმწიფო შეიძენს, რაც კომპანიას ფინანსების მოზიდვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

“გიდასტურებთ, რომ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და ჯორჯიან ეარვეისს“ შორის გაფორმდა საბროკერო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩვენ უნდა მოვიძიოთ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის 49% წილის მფლობელი პარტნიორი ან ახალი მესაკუთრე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევრო გაერთიანებასთან „ღია ცის ხელშეკრულებას“, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანიის მინიმუმ 51% წილის ფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე. შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისი"-ს შესყიდვა 100% შეუძლებელია ისეთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ, რომელიც არ არის ევრო გაერთიანების "ღია ცის ხელშეკრულების" წევრი. შესაბამისად, მსგავს ინვესტორებს ვთავაზობთ “Equity Partnerships” მაქსიმუმ 49% წილის მფლობელობით. ხოლო რაც შეეხება იმ ქვეყნის რეზიდენტებს, რომლებიც არიან ევროპის "ღია ცის ხელშეკრულების" წევრები, მათ შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიას 100% წილის მფლობელები გახდნენ.

“საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ www.business-brokerage.com არის საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა გაერთიანების კორპორატიული წევრი www.ibba.org , რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს ამერიკაში. „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ამერიკის და ევროპის ბიზნეს ბროკერთა პროფეიონალური ქსელის მეშვეობით იზიდავს კერძო სექტორის საერთაშორისო ინვესტორებს.

რაც შეეხება 29 წლის „ჯორჯიან ეარვეისს“, საქართველოს ეროვნულ ავიოკომპანიას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე და ქვეყნის უზარმაზარი მიღწევა. თამაზ გაიაშვილმა სასწაული გააკეთა და ბოლო 29 წლის განმავლობაში საქართველოს თავზე დატრიალებული ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური კრიზისების, სამოქალაქო ომისა და რევოლუციების მიუხედავად, შეინარჩუნა ეროვნულია ავიაცია და ავიაციის შემადგენელი მთელი ინფრასტრუქტურა, რომლის ნაწილიც არიან მსოფლიოოში აღიარებული ქართველი „გმირი“ პილოტები, ბორტგამცილებლები, საავიაციო ინჟინრები, ტექნიკოსები და საავიაციო პროფილის სხვა ექსპერტები. თამაზ გაიაშვილმა შექმნა და შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული ავიაცია, რომლიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სამი წელი ვიმუშავე „ჯორჯიან ეარვეისი"-ს გენერალურ დირექტორად და ბატონ თამაზ გაიაშვილთან ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა მქონდა. შესაბამისად, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველმა ერმა მადლობა უნდა გადაუხადოს ამ მართლაცდა ლეგენდარულ ადამიანს, საქართველოს სიყვარულში თავდადებულ პატრიოტს და აფხაზეთის ომის გმირ პილოტს, იმისათვის, რომ დღეს საქართველოს 28 წლის ეროვნული ავიაცია გააჩნია.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისი“-ს ფასს 150,000,000 აშშ დოლარს, ეს არის „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ შეფასებით მინიმალური ფასი. მოგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში მივედი „ჯორჯიან ეარვეისში“. ამ დროისათვის საქართველოს ეროვნული ავიაციას გააჩნდა ფინანსურ-ეკონომიკური განვითარების უმაღლესი პარამეტრები. 16 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით, შესაბამისად მოზიდული თანამდეროვე თვითფრინავები, სტატისტიკურად უაღრესად მომხიბლავი ზრდის კოეფიციენტი, რაც საფუძველს გვაძლევდა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ლონდონში და ნიუ-იორკში გამოგვეშვა IPO – Initial Public Offering აქციები და მოგვეზიდა $500,000,000 ფინანსური სახსრები კომპანიის შემდგომი განვითარებისა და რეგიონალურ ლიდერად ჩამოყალიბების მიზნით. სამწუხაროდ, უკვე 2019 წლის ივლისის თვეში რუსეთმა აკრძალა ყველა პირდაპირი რეისი და კომპანიას 45% შემოსავალი წაართვა. გაყიდული ბილეთების დაბრუნებით და გაუქმებული რეისების ზარალის ანაზღაურების დასაფარავად კომპანიამ $30,000,000 ზარალი მიიღო. ხოლო შემდეგ კოვიდის შედეგად თითქმის 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად გაჩერებულმა ავიაკომპანიამ მიიღო მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

დღევანდელ უმძიმეს კრიზისულ გარემოშიც, რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვისა და კოვიდ პანდემიის შეზღუდვების შედეგად მიღებული კატასტროფული ფინანსური ზარალის მიუხედავად, თამაზ გაიაშვილი ყველანაირი გზით ახერხებს შეინარჩუნოს თანამშრომლები და გადაარჩინოს ავიაკომპანია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე საქართველოს ავიაბაზარზე 20-ზე მეტი ავიაკომპანია დარეგისტრირდა, ფუნქციონირებდა, ბოლოს კი გაკოტრდა და დაიხურა. მსგავსი შემთხვევები საქართველოს უზარმაზარ ფინანსურ პრობლემებს უქმნიდა. "ჯორჯიან ეარვეისმა" კი, თავის მხრივ, ყველა ქარტეხილს გაუძლო და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას.

აქ არ შეიძლება არ ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა უნდა ეხმარებოდეს საქართველოს ეროვნულ ავიაციას, ვინაიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ჩვენი პატარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. აფხაზეთის ომის დროს, ცხინვალის ომის დროს, კოვიდ პანდემიის კრიზისის დროს საქართველოს ეროვნულმა ავიაკომპანიამ დაამტკიცა, რომ საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად მზად არის ემსახუროს ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს.

დღეს ყოველი ჩვენგანის გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება ჩვენი ქვეყნის პატარა, მაგრამ გმირულ ავიაკომპანიას. ავიაციის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციიდან ძალიან ადვილი გამოსავალი არსებობს - საქართველოს მთავრობამ უნდა შეისყიდოს საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“-ს 30 ან 50 პროცენტი წილი, რაც ავიაკომპანიას მისცემს საშუალებას, კერძო სექტორის ინვესტიციების სახით, მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი ფინანსები. აქ შეიძლება გავიხსენოთ საქართველოს რკინიგზის მაგალითი, როდესაც კომპანიამ ევრობონდების გამოშვებით მოიზიდა 500 მილიონი დოლარი,”- BMG-ის განუცხადა რომან ბოკერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები