მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამწუხაროდ, ეს ხარჯები გვაქვს“ - საბა ბუაძის კითხვა და გიორგი კაკაურიძის პასუხი „ბლექ სი არენაზე“

61669e1521a5f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.21 13:40
2993

„ბიუჯეტიდან „ბლექ სი არენას“ დაფინანსების ამოღებით ინფრასტრუქტურა დაზიანდება, რაც სწორი საქციელი არ იქნება“ - ასე უპასუხა ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ საბა ბუაძის კითხვას, რომლის ბიუჯეტიდან ზარალიანი „ბლექ სი არენას“ დაფინანსებას შეეხებოდა.

საბა ბუაძე: „ბლექ სი არენა“ ბიძინა ივანიშვილის "გულუხვი საჩუქარია", რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 4 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება. 2020 წელს პანდემიის პერიოდში, როდესაც საკონცერტო დარბაზების მუშაობა გაჩერებული იყო, დაწესებულებას ეს თანხა შეუნარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის ათვისება ვერ მოხდა. კომპანიაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელიც ყოველწლიურად 200 000 ლარს იღებს, მათ შორის თანხის სოლიდური ნაწილი ხელმძღვანელ პირებზე გაიცემა - საკვანძო ხელმძღვანელ პოზიციებზე ბერა ივანიშვილის მეგობრები არიან, რომელთა ანაზღაურება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება. ამ მაგალითის და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 2020 წელს 660 მლნ ლარს გადააჭარბა, რატომ ხდება ისე, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯები წამგებიან საწარმოებში იზრდება და მათი მოგება მცირდება?

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, პანდემიის პერიოდში აღნიშნული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც იქ დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების შენარჩუნება, რადგან ისინი „ბლექ სი არენას“ გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნავენ.

გიორგი კაკაურიძე: „ეს შენობა ისეა აშენებული, რომ იმის მიუხედავად იქ ღონისძიებები ჩატარდება თუ არა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა მოხდეს მისი გადახდა-დახურვა, რისთვისაც ხარჯი უნდა გაიწიოს, მათ შორისაა კომუნალური ხარჯები - ვერ თიშავ იქ არსებულ დანადგარებს და ა.შ.

„ბლექ სი არენას“ ხარჯი შეიძლება დამატებითი ეკონომიის ნაწილი იყოს, მაგრამ როდესაც „ბლექ სი არენა“ ღონისძიებებს ატარებდა, ის დამატებით შემოსავლებსაც იღებდა. ახლა როდესაც შემოსავლებს არ იღებს, ეს ხარჯი პირდაპირ ბიუჯეტს აწვება. სამწუხაროდ, ეს ხარჯები გვაქვს და ნამდვილად არ მინდა ამოვიღოთ „ბლექ სი არენას“ დაფინანსება... საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ და როდის ააშენა, ინფრასტრუქტურის დაზიანება სახელმწიფოს მხრიდან სწორი საქციელი არ იქნება“.

დეპუტატ საბა ბუაძის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ ჯამური დაფინანსების ნახევარი - 2 მლნ ლარი შრომით ანაზღაურებას ხმარდება, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასეთი პასუხი გასცა:

„ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი საჭიროა იმისთვის, რომ შენობა ფუნქციონირებდეს და არ დაზიანდეს, დეტალური ინფორმაციის მიღება თუ გსურთ, წავიდეთ, ერთად ვნახოთ რას აკეთებს ეს ხალხი“.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მალევე, ივანიშვილმა დარბაზი სახელმწიფოს აჩუქა. ამჟამად, აქტივს შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია" მართავს, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს. 2019 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 55.4 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, პანდემიამდე „ბლექ სი არენა“ ზარალიანი კომპანია იყო, რომელიც სოლიდურ პრემიებს გასცემდა. კონკრეტულად კი 2019 წელი დარბაზმა 2.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც 4.3 მილიონ ლარს შეადგენდა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფომ დარბაზს სუბსიდიის სახით 10.4 მილიონი ლარი გადაურიცხა, რაც 2018 წლის სუბსიდიაზე 2.8 მილიონი ლარით მეტი იყო.

აღსანიშნია, რომ "ბლექ სი არენას" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 4 მლნ ლარით ფინანსდება. მასში 107 ადამიანი დასაქმებული, ხოლო უმოქმედო საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელის ხელფასი 7 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები