მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამ ქალაქს EU4Culture-ი გრანტს გადასცემს

61a65f2dbe740
თამთა ჯიჯავაძე
30.11.21 21:43
723
ხვალ, 1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრესკონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს, რომლებიც 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იტყობინება.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან მიიღო: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

შერჩეული ქალაქები მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6-თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები