საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამისთვის წელს 40 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში წერია.
როგორც BMG-იმ ფინანსთა სამინისტროში დააზუსტა, გამომდინარე იქიდან, რომ „სოცდაუცველების ამუშავების“ სამთავრობო პროგრამა მარტში დაიწყო, ის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პროგრამების მუხლიდან ფინანსდებოდა და რადგან ახლა ბიუჯეტის კორექტირება ხდება, პროგრამისთვის 40 მლნ ლარი გამოიყო.
აქამდე ცნობილი იყო, რომ სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე წელს 5 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აღსანიშნია, რომ სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას უახლესი მონაცემებით, სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის სურვილი, პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, მათგან 22 ათასი მოქალაქე დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოებში. მოქალაქეების ნაწილმა, 4 200-მა პირმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება აირჩია, ხოლო 22-23 ათასმა მოქალაქემ პირველადი კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე უარი განაცხადა.
სოცდაუცველების „სიღარიბიდან ამოყვანის“ პროგრამა თუ ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები?