მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Starring Georgia არის Check in Georgia-ს სახელშეცვლილი ვერსია” - ია თაბაგარი

6444d1cf1cd4b
ანუკა ჯოხაძე
24.04.23 09:35
1945

6 კონცერტი და 3 განსხვავებული ლოკაცია - პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით წელს სახელმწიფო სუბსიდირებით კონცერტების მორიგი სერია ახალი კამპანიის - "სტარინგ ჯორჯიას" სახელით გაიმართება. კონცერტების აფიშა 4 თვით ადრე ცნობილია, თუმცა კერძო სექტორის მიერ ახელმწიფოს ქმედებები კვლავ სპონტანურად და დაუგეგმავად ფასდება.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ია თაბაგარს Starring Georgia-ს კამპანია წლების წინ მოქმედ, არც თუ ისე წარმატებულ Check in Georgia-ს ახსენებს. მათი თქმით, პროექტში მაშინ მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა, თუმცა რა ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ამას ქვეყანაზე, ეს დღესაც უცნობია. შესაბამისად, ის ახალ კამპანიაზე დიდ იმედს ვერ ამყარებს.

“დარწმუნებული ვარ, ეს არის Check in Georgia-ს სახელშეცვლილი ვერსია. ვერ ვიტყოდი, რომ Check in Georgia იყო ძალიან წარმატებული და ეფექტური. მე როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, ასე შევაფასებდი - თუ დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული, რა მოიტანა ამ ფულმა, რა ეფექტი მივიღეთ?

როცა უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე შემოდის და იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოგვარდეს, პრობლემა ქვეყანას ემატება, ამის წინააღმდეგი ვარ", - აცხადებს ია თაბაგარი.

ცნობისთვის, წელს "ბლექ სი არენას" ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები