„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრებზე თბილისში მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის ინტენსიფიკაციის პროცესი კიდევ ერთხელ განიხილეს. იმისთვის, რომ თბილისში არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ ვაქცინაციის ბრიგადების მობილიზება მოხდება.
„სულ „ფაიზერის“ აცრებზე 178 000 ჯავშანია დაფიქსირებული, აქედან 12 000 მეორე აცრაა, ხოლო დანარჩენი ჯავშნები პირველ აცრებზეა.
ჯავშნები ინტენსიურია, განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს თბილისში, რადგან მოთხოვნა თბილისში გაცილებით მაღალია, ვიდრე მიწოდება, ამიტომ ამცრელი პუნქტების რაოდენობა ინტენსიურად იზრდება.
დღეს ქვეყანაში ვაქცინაციას 167 დაწესებულება აწარმოებს და დაახლოებით 404 არასრული ბრიგადაა, თუ 7-დღიან სამუშაო დღეზე გადაიყვანთ, ეს 250-მდე ბრიგადაა ქვეყნის მასშტაბით: აქედან „ფაიზერზე“ 37 დაწესებულება და 120-მდე ბრიგადა მუშაობს, „ასტრაზენეკაზე“ 25 დაწესებულება და 33 ბრიგადა, „სინოფარმაზე“ 122 დაწესებულება და 133 ბრიგადა და „სინოვაკზე“ 109 დაწესებულება და 116 ბრიგადა. მთლიანად გამტარუნარიანობა დღეისთვის 18 000 ფარგლებშია და ჩვენი სამიზნე 20 – 25 ათასია. ბევრი ბრიგადა, განსაკუთრებით თბილისში 12- საათიან სამუშაო დღეზე გადადის და ამავე დროს, თბილისში დამატებით 100-მდე ბრიგადის მობილიზება მოხდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























