მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენცია იქით მიდის, რომ შესაძლოა ადგილობრივი ავიაკომპანიების გარეშე დავრჩეთ - იგორ აფციაური

61fff2cb93014
მარიამ ვარადაშვილი
05.02.22 17:44
918
Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ სხვადასხვა დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უზრუნველყო ის, რომ ქართული საავიაციო ბაზარი კონკურენტუნარიანია. ეს გულისხმობს თანაბარ პირობებს ყველასთვის, მათ შორის ქართული კომპანიებისთვის, თუმცა ქართულ ავიაკომპანიებს უცხოურთან კონკურენციაში შესვლა უჭირთ.  

“ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა ვერ შეძლეს ჯანსაღ პირობებში კონკურენცია გაეწიათ უცხოური ავიაკომპანიებისთვის. ვხედავთ, რომ ავიაციის სექტორი ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ყველანაირი პარამეტრით წინ მივდიოდით, მაგრამ ეს ჩვენს ადგილობრივ კომპანიებს ძალიან დააწვათ. შედეგად, ბევრი ადგილობრივი კომპანია იხსნებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ იხურებოდა, შემდეგ ისევ იხსნებოდა და ა.შ. “ჯორჯიან ეარვეისი” არის ერთადერთი, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში, ასე თუ ისე თავი შეინარჩუნა და რომელიც პრობლემებით, მაგრამ დღემდე ოპერირებს. იმედია ეს ვითარება შეიცვლება, რადგან ქართული ავიაკომპანიების გარეშე წინ ვერ წავალთ. ვერც დარგი ვერ წავა წინ და ყველაზე კარგ შემთხვევაში განვითარების იგივე დონეზე დავრჩებით”,-აცხადებს აფციაური.

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელის თქმითვე, ქართული სამგზავრო კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი უცხოური ბიუჯეტური ავიაკოპანიებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკეთეს პირობებს უფრო იაფად სთავაზობენ. ამის მიუხედავ, აფციაური მიიჩნევს, რომ დარგის განვითარება ქართული ავიაკომპანიების გარეშე შეუძლებელია.

“უცხოური ავიაკომპანია ერთ წელს შემოვა, შემდეგ შეიძლება გავიდეს. ამ პირობებში დარგის განვითარებაზე გათვლებს ვერ გავაკეთებთ. თუ გვინდა რომ მგზავრების ოდენობა 7 მლნ და მეტი იყოს, ტრანზიტული მიმართულება უნდა გავაძლიეროთ. დღეს საქართველოში ჩამომსვლელი ვიზიტორების 98%-თვის ეს ქვეყანა ბოლო დანიშნულებაა. ძალიან იშვიათად იყენებენ საქართველოს ტრანზიტული ფრენისთვის. ტრანზიტს ვერანაირად ვერ განავითარებს უცხოური ავიაკომპანია. ის მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივმა ავიაკომპანიამ უნდა განავითაროს, რომელიც შექმნის ქსელს/ჰაბს და რომელიც ამ ქსელის მეშვეობით ევროპა-აზიას დააკავშირებს. უცხოური კომპანიები მხოლოდ პირდაპირ ფრენებს გვთავაზობენ, ასევე არის Turkish Airlines, რომელიც პირიქით საკუთარ ჰაბში გვიწვევს. სამწუხაროდ, ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა ადგილობრივი ავიაკომპანიების გარეშე დავრჩეთ. აქ სამგზავროებს ვგულისხმობ. ხომ არ გვინდა მხოლოდ point - to - point ტრაფიკზე ვიყოთ დამოკიდებული. ამიტომ, თუ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის დაბრუნება გვინდა, მაშინ სტრატეგიას, რომ ადგილობრივი ავიაკომპანები არ გვინდა, ვერ ავირჩევთ. თუ არ გვეყოლება ადგილობრივი ძლიერი ავიაკომპანია, ამ სატრანზიტო ფუნქციასაც დავკარგავთ და რაც უფრო მნიშვნელოვანია - მთალიანად დარგს”,- განმარტავს იგორ აფციაური.

დარგის წარმომადგენელი თვლის, რომ ადგილობრივი ავიაკომპანიების გაძლიერება ტექნიკური პერსონალის, მფრინავებისა და ეკიპაჟის დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია, რათა კადრების საქართველოდან გადინება არ მოხდეს.

2021 წელს რეგულარული რეისების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების ოდენობით Turkish Airlines ლიდერობს. 2021 წელს ავიაკომპანია 274 404 მგზავრს მოემსახურა და საქართველოს საავიაციო ბაზრის 11.5% დაიკავა. მეორე ადგილს უნგრული Wizz air-ი იკავებს, რომელმაც გასულ წელს 202 286 მგზავრი გადაიყვანა და ქართული საავიაციო ბაზრის 8.4% დაიკავა. მესამე ადგილზეა უკრაინული ბიუჯეტური ავიაკომპანია Sky up Airlines-ი, რომელმაც 192 921 მგზავრი გადაიყვანა. მას საქართველოს საავიაციო ბაზრის 8.1% უკავია. გასულ წელს Georgian Airways 72 923 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 3% დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები