ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად.
ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე სახელმწიფო მზად იყო, თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება 1 ლარად გადაეცეს, მინისტრი აცხადებს, რომ მას ეს არ უთქვამს და უბრალოდ აღნიშნა, რომ აქამდე მსგავს ინვესტორსაც ვერ პოულობდნენ, ვინც 1 ლარად იყიდდა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებს.
“რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დავამუშავებთ, მაგრამ ახლავე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან.
დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო მზად ვიყავით თუნდაც 1 ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ. ახლა საუბარია, რომ მთელი ტეროტორია იქნება აღორძინებული. ესაა უდიდესი სარგებლის მომტანი პროექტი,“ - განაცხადა მინისტრმა.




























