მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან

6460fe0d80131
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 18:56
1078
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებში ხმის დათვლა დაიწყო.

დასავლური მედიები თურქეთის მიმდინარე არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამეთუ თვლიან, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, თურქეთში რეჯეპ თაიფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის ეპოქა დაასრულოს.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ერდოღანის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც ექვსპარტიან ალიანსს ხელმძღვანელობს, მცირე უპირატესობას აქვს. პარასკევს ჩატარებულმა ორმა გამოკითხვამ აჩვენა, მისმხარდამჭერთა რაოდენობა იმ 50%-იან ზღვარს აჭარბებს, რაც პირდაპირი გამარჯვებისთვისაა საჭირო.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში ეგზიტპოლები არ ტარდება, შედეგები 21:00 საათამდე ცნობილი არ გახდება. თუმცა შესაძლოა მედიას არჩევნების წინასწარი მონაცემების უფრო ადრე გამოქვეყნების საშუალება მისცენ.

თურქეთის მოსახლეობა, დღეს, ქვეყნის პრეზიდენტსა და 28-ე მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები თურქეთის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა. თურქეთის მედიის ცნობით, ქვეყანაში ჯამში 191 885 ურნაა განთავსებული და არჩევნებში თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ 64.1 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 4.9 მილიონი ადამიანი ხმას პირველად აძლევს.

ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, სახალხო-რესპუბლიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ და „ალიანს ატას“ კანდიდატი სინან ოგანი. აღსანიშნია, რომ პოლიტიკური პარტია „სამშობლოს“ კანდიდატმა მუხარემ ინდჯემ კანდიდატურა 11 მაისს მოხსნა.

თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს ვერ მოაგროვებს 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საპარლამენტო არჩევნებში კი 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს.

აღსანიშნია, რომ თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თებერვალში მიწისძვრით დაზარალებულ 11 პროვინციაში არჩევნების გამართვისთვის ყველა საჭირო ზომები განახორციელა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი არჩევნებში მონაწილეობა 3.4 მლნ თურქეთის მოქალაქეს შეეძლო. მათთვის 73 ქვეყანასა და 156 უცხოურ წარმომადგენლობაში საარჩევნო კომისიები შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები