მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წლის ჭრილში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი 50 თეთრზე ნაკლები გამოდის“

61feb0007e277
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 21:08
1556
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან მგზავრობის ერთიანი გადახდის სისტემის ღირებულების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ „წლის ჭრილში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრზე ნაკლები გამოდის“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის 35 000-ზე მეტი სამგზავრო აბონემენტია გაყიდული, რომელთა შორის ყველაზე უფრო მეტი მოთხოვნა ერთთვიან და ერთწლიანი პაკეტებზეა. თბილისის მერმა განმარტა, რომ სამგზავრო აბონემენტის პაკეტების ღირებულებები შესწავლის და დაანგარიშების შედეგად მიიღეს.

„ზოგადად, ეს სისტემა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე მეტად მოიხმარდა. რაც შეეხება პაკეტებს და მათ ღირებულებას, ესეც დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა ეს პაკეტები. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თვის განმავლობაში რა იყოს საშუალო ადამიანისთვის გადასახადი - ეს თანხა საშუალოდ 40-43 ლარს შეადგენდა. თვიური აბონემენტი კი დღეს 40 ლარი ღირს. დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა. ეს მონაცემები, რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში ტარიფი, მათთვის ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, 50 თეთრზე ნაკლები გამოდის.

ამასთან, ამ სისტემაში არ იყო ჩართული მიკროავტობუსები, რომლებსაც ყოველდღიურად 400 000 ადამიანი გადაჰყავს. ამ ადამიანებს მიკროავტობუსში 80 თეთრის გადახდა უწევდათ და თუ ისინი დამატებით მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობდნენ, მაშინ მგზავრობის ერთი მიმართულების ღირებულება 1.30 ლარი გამოდიოდა“, - განმარტა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განმარტა, რომ ამ ცვლილებებით მიკროავტობუსები ერთიანი გადახდის სისტემაში მოექცა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენს მგზავრობს ადამიანი.

„ამას ემატება გადაწყვეტილება - ეს არის ულიმიტო აბონემენტები, რომლითაც ადამიანს შეუძლია 3-4-ჯერ იმგზავროს და მხოლოდ ერთხელ გადაიხდის. ძალაში დარჩა ასევე 90-წუთიანი გადაჯდომა უპრობლემოდ ყოველგვარი გადასახადის გარეშე როგორც მიკროავტობუსიდან ავტობუსში, ასევე პირიქით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები