მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით და მხუთავი გაზით ცდილობს, რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა დააკავა მოქალაქეები. მათ შორის, სავარაუდოდ დაკავებულია "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე.
სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ასევე დააკავეს ერთი პირი. როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან "პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა. "გინებაზე დააკავეს" - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმაც.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, რასაც პროტესტი მოყვა. მოქალაქეები ჩხრეკას აპროტესტებენ და ჩხრეკის ოქმის წარდგენას მოითხოვენ. სამართალდამცველების თქმით ეს არა ჩხრეკა, არამედ „პირადი გასინჯვაა“.
მოქალაქეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.