ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. WIZZ AIR-მა ამ ეტაპზე 6 სიხშირე დაამატა და 1 გზაზე ბილეთის ფიქსირებული ფასი 199 ევროა.
აეროპორტების გაერთიანებაში BM.GE-ის უთხრეს, რომ რეისები სუბსიდირებული არ არის და მაღალი მოთხოვნის გამო, შეიძლება სიხშირეები კიდევ დაემატოს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ გერმანიის მიმართულებით ექვს სიხშირეს ამატებს. მისივე თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რეისების რაოდენობა გაიზარდოს. ქარქაშაძის განცხადებით, ერთი გზა ფიქსირებულ ფასად – 199 ევროდ, ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის და მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით სიხშირეები დაამატა და ბილეთები ფიქსირებულ ფასად უკვე იყიდება. დორტმუნდის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 18, 19, 26 და 27 ივნისს, ხოლო ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 22 და 23 ივნისს. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, შევეცდებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. პრემიერის დავალების ერთი ნაწილი უკვე შესრულებულია, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი, მათი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ავიარეისების უზრუნველყოფა 8 აპრილს დაავალა.