მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილეთები დაბალი ტარიფით" - პრემიერმა EURO 2024-ისთვის დამატებითი რეისების დანიშვნის დავალება გასცა

ფეხბურთი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ავიარეისების უზრუნველყოფა დაავალა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები დაბალი ტარიფით იყოს შეთავაზებული.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. მე მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. მე დარწმუნებული ვარ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა 2 პენალტის გატანა შეძლეს. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები