Wizz air-ი ახლო აღმოსავლეთის ოთხ მიმართულებას აღადგენს, თუმცა როგორც BMG-ის კომპანიაში უთხრეს, ამ ეტაპზე ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების განახლება არ იგეგმება.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში Wizz Air-მა განაახლა ფრენები ჯედასა და ამანში, ასევე ოფიციალურად დაადასტურა აბუ-დაბისა და დუბაის რეისების აღდგენა 2026 წლის 25 ოქტომბრიდან.
"ახლო აღმოსავლეთის ეს სამი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოგზაურებს არაბეთის ნახევარკუნძულთან ხელახლა დააკავშირებს. ოთხივე მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია საიტზე wizzair.com და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.
გაყიდვების არსებული განრიგის შესაბამისად, ზამთრის სეზონის განმავლობაში Wizz Air ეტაპობრივად აღადგენს 12 მარშრუტსა და კვირაში 49 რეისს იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიმართულებით. ფრენების ეტაპობრივი აღდგენა ეფუძნება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ რეგიონის კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვასა და განახლებას, ასევე თავად Wizz Air-ის ოპერაციულ და უსაფრთხოების ყოვლისმომცველ შეფასებებს. ავიაკომპანია გააგრძელებს მოვლენების განვითარებაზე აქტიურ დაკვირვებას და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციას", - აცხადებენ კომპანიაში.
ამ ეტაპზე ფრენები აღდგება ევროპის 9 ქალაქიდან:
- ბუდაპეშტი (უნგრეთი) – ამანი; აბუ-დაბი; დუბაი; ჯედა;
- რომი (იტალია) – ჯედა;
- მილანი (იტალია) – ჯედა;
- ლარნაკა (კვიპროსი) – აბუ-დაბი;
- სოფია (ბულგარეთი) – აბუ-დაბი;
- ბუქარესტი (რუმინეთი) – დუბაი;
- კლუჟ-ნაპოკა (რუმინეთი) – აბუ-დაბი;
- კატოვიცე (პოლონეთი) – აბუ-დაბი;
- კრაკოვი (პოლონეთი) – აბუ-დაბი;
2025 წლის სექტემბრიდან ბაზრის დინამიკის, ოპერაციული სირთულეებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, Wizz Air-მა Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერირება შეაჩერა. სწორედ Wizz Air Abu Dhabi-ის მეშვეობით ასრულებდა ავიაკომპანია აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს მათ შორის, ქუთაისიდანაც.
ვრცლად ამ თემაზე: Wizz Air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს აჩერებს, ფრენები შეწყდება ქუთაისიდანაც
























