2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება - რეგულაციების ამოქმედებამდე 2 კვირა რჩება, თუმცა ბიზნესს კითხვები აქვს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, შესაბამისად, 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილები ჩამოსვლა, რომელიც გზაშია და საქართველოსკენ მოემართება, შესაძლოა ვერ მოესწროს.
ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბუნდოვანია თავად განბაჟების საკითხიც, ჯერჯერობით უცნობია დეკემბერში საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მფლობელები შეძლებენ თუ არა განბაჟებისას საშეღავათო პირობებით სარგებლობას.
“ავტოიმპორტიორების ნაწილმა ავტომობილი პირობითად შემოიყვანა ნოემბერში ან დეკემბერში, მათ აქვთ უფლება კანონით განბაჟებისას ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით 2-3 თვით. მესამე თვე ფასიანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინც შემოიყვანა ავტომობილი მან შეიძლება ეს შეღავათი ვერ გამოიყენოს.
ასევე არის მეორე პრობლემა, მაგალითად შეიძინა ავტოიმპორტიორმა ან ავტომფლობელმა ავტომობილი ივნისში, ივლისში და ეს ავტომობილი გზაშია და ვერ ესწრება მისი ჩამოსვლა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, ამ დროს მფლობელი რთულ მდგომარეობაშია.
წლის ბოლოს ისედაც ბევრი ადამიანი მიდის, რომ მოასწროს ავტომობილის განბაჟება და შემდეგ წელს არ გადაიტანოს, რადგან უძვირდება 200-300 დოლარით. ამას ასევე რომ დაემატება 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილების განბაჟება, რომლის შეზღუდვაც მოხდება 1 იანვრიდან შეიძლება ძალიან დიდი რიგები იყოს მომსახურების სააგენტოსთან,”- ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.
"კავკასუს ავტოიმპორტში" ამბობენ, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ქვეყანაში ისედაც დაბალი წილი ჰქონდა, შესაბამისად, თავად რეგულაცია მძიმე წნეხი არ იქნება ბიზნესისთვის. თუმცა როგორც კავკასუს ავტოიმპორტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება მათი თქმით, მაინც პრობლემებს ქმნის და აუცილებელია ვიდრე რეგულაცია შევა ძალაში განმარტებები გაკეთდეს.
“5-7%-მდე არის 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილების წილი ქართულ ბაზარზე შესაბამისად ეს ბიზნესისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ მანამდეც არ იყო ამ კუთხით დიდი ბრუნვა, მაგრამ კანონპროექტთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ჩვენ ინტერპრეტაციის საშუალება არ გვექნება და უფრო გარკვევით გვეცოდინება რა, როგორ და რისთვის მოხდება, რომ სწორად შევძლოთ მომხმარებლის ინფორმირება და იმის შესაბამისად განვახორციელოთ ნაბიჯები,”- აცხადებს კავკასუს ავტოიმპორტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე.