მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სახელმწიფო სსიპ-ი ჩაატარებს

ტენდერები

2026 წლის 1 ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სახელმწიფო სსიპ-ი ჩაატარებს.

კერძოდ, იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელს და მომსახურებას შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (2026 წლის 1 ივნისიდან), კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისთვის დაწესდება საფასური – 100 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.

სააგენტო ანგარიშის დოკუმენტში ასევე წერს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა ბაზრის კვლევის განხორციელების საკითხი, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევა – ბაზრის ელექტრონული მეთოდით კვლევა.

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გასული წლის ბოლოს გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებამ შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის გარიგების შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები