გორში მდებარე ადგილობრივი თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ქართული ხიზილალა" აცხადებს, რომ ბაზარზე ხიზილალაზე მოთხოვნა მაღალია და წლის ბოლოს პროდუქტი ხშირად დეფიციტურიც ხდება.
კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ BM.GE-სთან განმარტა, რომ ობიექტი როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ხიზილალას ყიდის.
„ხიზილალის მიმართულებით გვაქვს წითელი ხიზილალა და ასევე ზუთხის ხიზილალა. 1 კილოგრამი ჩვენი ადგილობრივი ხიზილალა 180 ლარი ღირს, ხოლო უცხოური დაახლოებით 250-დან 300 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივთან ერთად უცხოური ხიზილალასაც ვყიყიდთ“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე და დასძინა, რომ პროდუქციის რეალიზაცია საკუთარ ბუტიკურ მარკეტსა და რესტორნებში ხდება.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც გაზრდილ საოპერაციო ხარჯებსა და ხელფასების მატებას უკავშირდება. „ფასებმა დაახლოებით 15%-ით მოიმატა, რაც ყველაფრის გაძვირებით, ასევე ხელფასების მომატებით აიხსნება“, - აღნიშნავს დადიანიძე.
ამ დროისთვის კომპანია დაახლოებით 100 ადამიანს ასაქმებს, რომლებიც, მისი თქმით, სრულად ადგილობრივი კადრები არიან.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ზუთხის შავი ხიზილალას იმპორტი გაძვირდა - ქვეყანაში $100 800-ის ღირებულების 200 კილოგრამი პროდუქტი შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება $68 600 იყო, მოცულობა კი უცვლელი დარჩა. წლიურად შავი ხიზილალას იმპორტის ღირებულება 46.9%-ით გაიზარდა, ხოლო ვინაიდან მოცულობები უცვლელია, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი გაძვირდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ჩინეთი იყო. ამის პარალელურად, წითელი ხიზილალას იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში $282 600-ის ღირებულების 13 200 კილოგრამი პროდუქტი შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $432 900-ს, ხოლო მოცულობა 106 100 კილოგრამს შეადგენდა. შედეგად, წითელი ხიზილალას იმპორტის მოცულობა 87.5%-ით, ხოლო ღირებულება 34.7%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი იყო.




























