2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 121.7 მლნ დოლარის 41 301 224 ლიტრი ყურძნის ნატურალური ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებელი ღირებულებით 22.3%-ით, ხოლო რაოდენობრივად 24%-ით ნაკლებია გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებზე.
საგულისხმოა, რომ კლება ნომერ პირველ საექსპორტო ბაზარს, რუსეთს უკავშირდება, სადაც ორ კვარტალში 1.5-ჯერ ნაკლები - 73 მლნ დოლარამდე ღირებულების ღვინო გავიდა. რუსეთმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე ბაჟი დააწესა. შედეგად, 2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსეთში ღვინის ექსპორტი მცირდებოდა, სანამ მაისიდან ზრდა არ დაიწყო.
იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - $72.8 მლნ, 26 515 171 ლიტრი;
- პოლონეთი - $8.8 მლნ, 3 602 451 ლიტრი;
- უკრაინა - $6 მლნ, 2 148 703 ლიტრი;
- ჩინეთი - $5.3 მლნ, 1 696 461 ლიტრი;
- ყაზახეთი - $5.2 მლნ , 1 549 189 ლიტრი;
- ბელარუსი - $4.6 მლნ, 1 662 548 ლიტრი;
- გერმანია - $3 მლნ, 644 144 ლიტრი;
- აშშ - $2.9 მლნ, 443 510 ლიტრი;
- ლატვია - $2.4 მლნ, 622 494 ლიტრი;
- ლიეტუვა - $1.2 მლნ, 359 249 ლიტრი.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი გაგვაქვს, დაბალია, ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში კი შედარებით მაღალი. ასე მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალოდ ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთის ბაზარზე 2.7 დოლარია, პოლონეთში 2.4 დოლარი, აშშ-ში 6.5 დოლარი, გერმანიაში 4.6 დოლარი, ჩინეთში კი 3.1 დოლარი.




























