მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1 მლრდ ქალაქების და კურორტებისთვის - რით განსხვავდება ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონებისგან“?

6444d07e436ec
ელენე გოგბერაშვილი
23.04.23 17:15
933
მთავრობა ქალაქების და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რისთვისაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარი გამოიყოფა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომაზე დააანონსა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, არსებული კი განახლდება. პროექტის განმახორციელებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება.

რითი განსხვავდება აღნიშნული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ პროგრამისგან, რომელიც ქვეყანაში 2021 წლიდან მიმდინარეობს, ეს კითხვა დავუსვით მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ, დავით ტაბიძეს, რადგან ის ძალიან ჰგავს „განახლებული რეგიონების“ პროგრამას. როგორც ტაბიძე განმარტავს, „განახლებული რეგიონებისგან“ ახალ პროგრამას მისი მასშტაბი განასხვავებს.

“ინიციატივა, რაც პრემიერიდან წამოვიდა ბაზირებულია სამწლიან კარგ და შედეგიან გამოცდილებაზე, რაც მივიღეთ „განახლებულ რეგიონებში“. რა არის განსხვავება? „განახლებულ რეგიონებში“ იყო კონკრეტული ქუჩა ან ტერიტორია შერჩეული, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მთლიან უბანს ტურისტული ლოკაციის გარშემო. მაგალითად, თელავში ეს იქნება უბანი, რომელიც არის ბატონის სასახლის გარშემო, როგორც ქვედა, ისე ზედა ფერდი, ცენტრალური მოედანი. უკვე მივდივართ მთლიანი უბნის ხედვით, რომ მთელ უბანში მოწესრიგდეს პირველ რიგში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მიწის ქვეშ ჩავიდეს ყველა ის კაბელი, რომელიც ჰაერშია ან მოწესრიგდეს საკანალიზაციო და წყლის სისტემები. შემდეგია როგორც სახლების, ღობეების, განათების ან ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და ასევე მათ შორის ენერგოეფექტურობის ნაწილში როგორც სახურავების, ასევე კარ-ფანჯრების შეცვლა.

გეგმაა, რომ სამშენებლო ტენდერები დავიწყოთ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მეორე ნახევარში, ყველაზე გვიან მესამე კვარტალში, მოვამზადოთ კონცეფციები, გავაცნოთ შესაბამისს უწყებებს, შესაბამის ჩართულ მხარეებს და უკვე წლის მეორე ნახევარში დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები“, - აცხადებს დავით ტაბიძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მთავრობამ პროგრამისთვის 200 მლნ ლარი უკვე გაითვალისწინა. საუბარია კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეების მოეწყობასა და ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები