ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 60-მილიონიან ტენდერში, რომელიც ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის, ახალქალაქის, ახალციხის მუნიციპალიტეტებში იერსახის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული კომპანია "საბა კონსტრაქტშენმა" გაიმარჯვა.
პროექტი "განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების პროექტირება თავად გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რა მასშტაბის, რა ფართობის და რა დიზაინის პროექტებს განახორციელებს "საბა კონსტრაქშენი", თუმცა ცნობილია რომ აღნიშნული საინჟინრო და სამშენებლო მომსახურებების ღირებულება არაუმეტეს 60 მილიონი ლარი იქნება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს გამოცხადებულ ტენდერებშიც კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" გაიმარჯვა. რაც მოიცავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების 40-მილიონიან ტენდერს, ქალაქ ბორჯომის იერსახის გაუმჯობესების 100-მილიონიან ტენდერს და ბათუმის იერსახის გაუმჯობესების 200-მილიონიან ტენდერს.