მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული რეგიონების“ 5-წლიანი პროგრამა 3 წელიწადში დასრულდება - მგფ-ის დირექტორი

64429af54284e
ელენე გოგბერაშვილი
21.04.23 18:58
1118
„განახლებული რეგიონების“ სამთავრობო პროგრამა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს, 2021 წელს დაიწყო. პროგრამა 5-წლიანია და მასზე 0,5 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, დავით ტაბიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის ათვისებულია და პროგრამა დაგეგმილზე ადრე დასრულდება.

„ეს უნდა ყოფილიყო ხუთწლიანი პროგრამა, პირველი ეტაპი 0,5 მლრდ ლარით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პროგრამა თითქმის დასასრულს უახლოვდება. ათვისებულია თითქმის 0,5 მლრდ ლარი, კონტრაქტების ჯამური ღირებულება კი 630 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, 2022 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა.

დღეის მდგომარეობით, გვაქვს 19 მუნიციპალიტეტი, სადაც მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები, ვინაიდან სამუშაოების ტემპმა გვაჩვენა, რომ იყო შესაძლებლობა ტენდერების გამოცხადების და მეორე ეტაპის გაგრძელება, შესაბამისად, მთავრობის დავალებით გაგრძელდა 2022 წელსვე.

აღნიშნული სამუშაოების დასრულება ძირითად მუნიციპალიტეტებში [15-16 მუნიციპალიტეტში] 2023 წელსვე მოხდება. არის რამდენიმე დიდი მასშტაბური პროექტი, მაგალითად, როგორიც არის ქუთაისის ცენტრალური პარკი, ან მეორე და მესამე ეტაპი ქალაქ რუსთავში... მასშტაბურ სამუშაოებზე მაქვს საუბარი, რომელიც უკვე დასრულდება 2024 წლის პირველ ნახევარში“,-აცხადებს დავით ტაბიძე.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მასზე 0,5 მლრდ ლარი იხარჯება, რეგიონების ურბანულ განახლებას გულისხმობს. პროექტები როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები