შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შემდეგ 7 ობიექტს თანამშრომელთა ტესტირების კუთხით პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც მათ მუშაობის განახლების უფლება არ მიეცათ.
„შრომის პირობების ინსპექცია სხვადასხვა მარეგულირებელთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით დადგენილების აკრძალულ თუ ნებადართულ საქმიანობებთან მიმართებაში. დამატებით მოთხოვნები, რაც ბოლო პერიოდში სავალდებულო გახდა, თანამშრომელთა ტესტირებაა.
ჯამში, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 47 სავაჭრო მოლი, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, 2267 სკოლა და 53 ბაზარი.
2 კვირიან ჭრილში 47 მოლიდან გატესტვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ყველა მოლი წინა ეტაპზე სრულად აკმაყოფილებდა. ამ დროისთვის, დღეს განახლებული 2 კვირიანი ნებართვების გაცემის პერიოდია და 46 აკმაყოფილებს, ანუ 1 მოლს აქვს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით, 26 საცალო საბითუმო ობიექტიდან გატესტვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს 5 ობიექტი. სკოლებთან მიმართებაში ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაზარს და ბაზრობებს დღეისთვის 53-დან მუშაობის ნებართვა მიეცა 52-ს“, - განაცხადა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას შრომის ინსპექციის მიერ შსს-თან ერთად განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
„აქედან 4 ახორციელებდა სოციალურ ღონისძიებას, რომელიც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, აკრძალულია, შესაბამისად გამოყენებულ იქნა სანქცირება როგორც ფიზიკური პირების ასევე იურიდიული პირების მიმართ. ერთი ობიექტი, რაც ძალიან გახმაურებული ფაქტია (გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძის მიერ ბარის ამოქმედებას) განმეორებითი სამართალდარღვევისთვის, გადავეცით შსს-ს და მოხდა ამ ობიექტის დალუქვა“, - აღნიშნა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.
შრომის ინსპექციის ცნობით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე შემოწმდა 54 322 ობიექტი. აქედან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 31 587 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. 6 163 ობიექტს შეზღუდვების პირველ ეტაპზე შეეზღუდა საქმიანობა, რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა - 1 000-მდე ობიექტი, დაჯარიმდა - 63 ობიექტი, 15 678 ობიექტი კი, განმეორებით შემოწმდა.




























