მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 სექტემბრიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას ახალი ტიპის კითხვები ემატება - შსს მომსახურების სააგენტო

B კატეგორია მართვის მოწმობა
BM. GE
24.08.23 15:01
306

2023 წლის 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. როგორც BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული კითხვები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებით.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრული არის 20 კითხვა, საიდანაც გამომცდელის მიერ კანდიდატისთვის მიცემული იქნება 2 დავალება, რომელზეც მძღოლობის კანდიდატს პასუხის გაცემა შეუძლია ვიზუალურად ჩვენებით ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეასრულებს გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას, ჩაეთვლება მსუბუქ შეცდომად" - განმარტავენ უწყებაში.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები