მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 თვეში სუბსიდირებული ვაშლის ჩაბარებით ფერმერებმა ₾2 მილიონზე მეტის შემოსავალი მიიღეს - სამინისტრო

ვაშლი

7 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 14 საწარმომ 8000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, "ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გორში, საკოორდინაციო შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავების საკითხზე გაეცნო ინფორმაციას.

"ამ ეტაპზე, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის, ავამოქმედეთ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ფერმერებმა სრულად შეძლონ მოსავლის დაბინავება და მიიღონ შემოსავალი. ამავდროულად, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, გახსნილი გვაქვს საკოორდინაციო შტაბი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ფერმერებმა მინისტრთან არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს რომ წელს მთავარი გამოწვევა მუშახელის ნაკლებობაა, რის გამოც ვაშლის კრეფის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 9 სექტემბერს ამოქმედდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები