მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელზე ნაკლები დრო „მეწარმეთა შესახებ” კანონთან შესაბამისობისთვის

63f893ee22557
BM.GE
24.02.23 14:29
1178
2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა, მათ შორის უკვე რეგისტრირებულ ყველა საწარმოს გაუჩნდა ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში, ანუ 2023 წლის ბოლომდე.

სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, შესაძლო სირთულეებზე და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია „Contractotr“-ის მთავარ იურისტს ნინო ერაძეს ვესაუბრეთ.

- ნინო, გთხოვთ განგვიმარტოთ რა ვალდებულებას წარმოშობს აღნიშნული ცვლილებები და სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა როგორ და როდიდან აითვლება?

- „მეწარმეთა შესახებ“საქართველოს ახალი კანონის მიხედვით მეწარმე სუბიექტს 2022 წლის 01 იანვრიდან მიეცათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მეწარმეს დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ აითვლება მეწარმისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან, ხოლო თუ ამოწურულია გადაწყვეტილების გაცნობის ყველა შესაძლებლობა, ეს ვადა შეადგენს არაუმეტეს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის ნაცვლად, 6 თვეს.

- რა ითვლება სარეგისტრაციო მონაცემებად?

- სარეგისტრაციო მონაცემები არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული მონაცემები, როგორიც არის: საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, დირექტორებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია და ასევე, საწარმოს კაპიტალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კაპიტალის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში.

- სავალდებულო არის თუ არა კაპიტალის არსებობა და რეგისტრაცია შპს-ების შემთხვევაში და რა მიზანს ემსახურება მისი რეგისტრაცია?

- ახალი რეგულაციების მიხედვით შპს-ში განთავსებული კაპიტალის არსებობა, შესაბამისად რეგისტრაციაც, სავალდებულო არ არის თუმცა, კაპიტალის მთავარი ფუნქცია კომპანიის საწყისი კაპიტალით აღჭურვაა, რაც, თუნდაც მინიმალურად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ერთგვარი შემავსებელი, დამბალანსებელია, ხოლო კაპიტალის რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს გახდეს მესამე პირებისთვის, და განსაკუთრებით კრედიტორებისთვის, აღქმადი და გამჭვირვალე საწარმოს ფინანსური რესურსი უზრუნველყოფს თუ არა კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. მარტივი მაგალითისთვის: თუკი, საწარმოს უნდა სესხის აღება ბანკიდან, ბანკს მიეცემა შესაძლებლობა მეწარმის ამონაწერში რეგისტრირებული კაპიტალის ოდენობიდან შეაფასოს საწარმოს გადამხდელუნარიანობა ან/და აღნიშნული სიახლე ინვესტორებს გაუადვილებს საზოგადოების დაფინანსებას, კომპანიაში წილის სანაცვლოდ.

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სარეგისტრაციო მონაცემების განახლება?

- სარეგისტრაციო მონაცემების განახლება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს თუმცა, სარეგისტრაციო განაცხადისა და სადამფუძნებლო შეთანხმების შევსება, მითუმეტეს თუ შპს-ს სურს საწესდებო კაპიტალის რეგისტრაცია, საჭიროებს დეტალების მიმართ მნიშვნელოვან ყურადღებას და სპეციფიკურ ცოდნას. უმნიშვნელო უზუსტობაც - კი შესაძლებელია გახდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაძლებელია მეწარმეებს მოუწიოთ განმეორებით დაუსრულებელ რიგებში დგომა შესწორებული სარეგისტრაციო განაცხადის ჩაბარების მიზნით.

- რის გათვალისწინებას ურჩევდით მეწარმეებს სარეგისტრაციო მონაცემების განახლების პროცედურასთან დაკავშირებით?

- უპირველესად მეწარმეებს ვურჩევდი, რომ წინასწარ მომზადებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ჩააბარონ სარეგისტრაციოდ, რათა თავიდან აირიდონ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ხარვეზის დადგენის რისკები. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტული სადამფუძნებლო შეთანხმების შევსებით კომპანიის დამფუძნებლები ავტომატურად ეთანხმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებას, რომელიც არ აწესრიგებს ინდივიდუალურად დამფუძნებლებსა და საზოგადოების დირექტორებს შორის ურთიერთობას. სტანდარტული წესდება რა თქმა უნდა, კანონთან შესაბამისობაშია თუმცა, იგი ვერ მოახერხებს ისეთი საკითხების რეგულირებას, რომლის მოწესრიგების შესაძლებლობასაც კანონმდებლობა საწარმოს ინდივიდუალურად ანიჭებს.

- რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ მეწარმეებს თუ კანონით დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფენ სარეგისტრაციო მონაცემების განახლებას?

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით თუმცა, თუ დადგენილ და დამატებით ვადაში არ განახლდება სარეგისტრაციო მონაცემები საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საწარმოს საკუთრებაში აქვს ქონება, განხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია.

- კანონის ამოქმედებიდან 1 წელზე მეტი დრო გავიდა. გვაინტერესებს დაიწყო თუ არა ბიზნეს სექტორმა ზრუნვა მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თუ მიმართავენ Contractor-ს აღნიშნულ პროცესში დასახმარებლად?

ბოლო პერიოდში საკითხი საკმაოდ აქტუალურია ვინაიდან, საწარმოებს ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩათ იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ რეგისტრირებული მონაცემები. საკითხის აქტუალობასთან ერთად ბიზნეს სექტორის მომართვიანობაც უფრო აქტიურდება. კომპანიები პასუხისმგებლობით ეკიდებიან კანონის მოთხოვნას და თადარიგს იჭერენ საკითხის მოსაგვარებლად. თავის მხრივ, კომპანიები რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ ვთავაზობთ სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, მათ შორის საწესდებო კაპიტალის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხების მოწესრიგებას, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებისთვის საჭირო განცხადებებისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ინდივიდუალური წესდების შედგენასა და მომზადებული დოკუმენტაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენას.

Contractor არის იურიდიული კომპანია, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სამართალთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას. დეტალური ინფორმაცია Contractor-ის სერვისებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://bit.ly/3Zt0P6P 


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები