მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევის წინაშე დააყენა „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ შესახებ კანონმა საცალო სექტორი

644ba9e4217c2
BM.GE
28.04.23 15:11
785
2022 წლის 29 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ შესახებ, ხოლო ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ელი ივნისიდან. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ‒ კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა, რომელიც კანონის აღსრულებაზე კონტროლში 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩაერთო.

ახალმა კანონმა ბიზნესი გამოწვევების წინაშე დააყენა და სამომხმარებლო პოლიტიკის ახლებურად რეგულირება დაავალა, კერძოდ: განისაზღვრა პროდუქციის ან მომსახურების შეთავაზებისას მომხმარებლებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად და ამომწურავად მიწოდების სტანდარტები;

მომხმარებელს მიენიჭა უფლება ონლაინ შესყიდული პროდუქცია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უკან დააბრუნოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მიიღოს დაბრუნებული პროდუქცია. გარდა ამისა, კანონმა კანონისმიერი გარანტიის ცნებაც შემოიტანა და კომპანიები დაავალდებულა გაავრცელოს 2 წლიანი საგარანტიო ვადა რეალიზებულ პროდუქციაზე.

ინფორმაციის სრულყოფილად ამომწურავად მიწოდების სტანდარტის მიხედვით საცალო სექტორის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, როგორც ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, ასევე ასევე ფიზიკურად, სავაჭრო ობიექტებში, შეიმუშაონ წესები და პროცედურები ნივთის გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე დეტალურად აღწერონ ნივთის მახასიათებლები, მოხმარების წესები და მისი შესაძლებლობები მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე. ასეთი წესები განთავსებული უნდა იყოს მომხმარებლისათვის მარტივად შესამჩნევ და ხელმისაწვდომ ადგილას.

აღსანიშნავია, რომ თუ საცალო სექტორის წარმომადგენლები ინდივიდუალურ სამომხმარებლო პოლიტიკას არ შეიმუშავებენ, ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, კანონის ნორმები უპირობოდ მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება, რამაც შესაძლოა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები გამოიწვიოს. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შემუშავებული პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ შემუშავებული პოლიტიკის ნორმები შესაძლოა „ხელშეკრულების უსამართლო პირობად“ იქნეს მიჩნეული და მისი ბათილობა გამოიწვიოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ქუჩაში დადებული ხელშეკრულებისა და დისტანციურად ვაჭრობის შემთხვევაში 14 დღის ვადაში დააბრუნოს საქონელი და უარი თქვას მომსახურების მიღებაზე. საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში კომპანიებს ორმაგად უწევთ რესურსის დახარჯვა იმ მომსახურებისთვის, რომელიც რეალურად არ არის მათთვის ეკონომიკურად სარგებლიანი. იგულისხმება, ჯერ ნივთის მიწოდებისთვის გაღებული, ხოლო მეორე მხრივ, მის უკან მიღებასთან დაკავშირებული ლოგისტიკური ხარჯები. გარდა ამისა, ნივთის უკან მიღების შემდგომ, როგორც წესი, ნივთის შეფუთვა და სარეალიზაციო სახე დარღვეულია, ტექნიკის შემთხვევაში კი - ნივთი შესაძლოა გააქტიურებული იყოს, რაც გამორიცხავს იგივე ფასად აღნიშნული ნივთის სარეალიზაციოდ დაბრუნებას.

თუმცა, კანონი მოვაჭრეებს აძლევს შესაძლებლობას შეიმუშაონ 14 დღის ვადაში საქონლის უკან დაბრუნების ინდივიდუალური პოლიტიკა იმგვარად, რომ ერთი მხრივ, არ დაირღვეს მომხმარებლის უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესმა შეძლოს ნივთის უკან დაბრუნების შედეგად გამოწვეული ზარალი შემცირება. მაგალითად: განუსაზღვროს, რომ უკან დასაბრუნებელ ნივთს უნდა ჰქონდეს სარეალიზაციოდ წარსადგენი სახე, არ იყოს დაზიანებული და ა.შ. ან/და დააკისროს მომხმარებელს ნივთის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯები.

განსაკუთრებით ტექნიკით მოვაჭრე ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა 2 წლიანი საგარანტიო ვადა, მაშინ როცა კანონის ამოქმედებამდე, ტექნიკაზე ვრცელდებოდა საქონლის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საგარანტიო ვადები, წვრილმან ტექნიკაზე კი საგარანტიო ვადები რამდენიმე კვირასაც კი შეადგენდა ხოლმე. ახალი მოცემულობის პირობებში მაღაზიებს უწევთ უპირობოდ, ყველა ნივთზე გაავრცელონ 2 წლიანი გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ვადაში საქონელზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში მოითხოვოს ნივთის ღირებულების ანაზღაურება, რაც მოვაჭრემ უნდა დააკმაყოფილოს. საგარანტიო ვადის გაზრდამ საცალო სექტორს ნივთის შეკეთება/დაბრუნების რისკები გაუზარდა, რამაც განაპირობა, როგორც დამატებითი ადამიანური რესურსის, ასევე ფინანსური რესურსის გამოყოფის საჭიროება.

აღსანიშნავია, რომ კანონი არ ზღუდავს მოვაჭრეებს, რომ თავად შექმნან „კომერციული საგარანტიო“ პირობები და სპეციფიკურად განსაზღვრონ ნივთის საგარანტიო მომსახურების წესები თუმცა, ასეთი პირობებიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონის შინაარსთან და განსაზღვრულ ვადებთან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მიერ შემუშავებულ იქნეს ინდივიდუალური პოლიტიკა-პროცედურები, რომლითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სადავო ურთიერთობების ბიზნესის საზიანოდ განმარტება. ამგვარი წესების შემუშავებისთვის აუცილებელია კანონში მოცემული დისპოზიციური ნორმების მეწარმის ინტერესების შესაბამისად ინტერპრეტირება და წერილობითი ფორმით ასახვა. პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება მინიმუმამდე დაიყვანს საცალო სექტორში ეკონომიკურ რისკებს და თავიდან აარიდებს ზედამხედველი ორგანოსგან (კონკურენციის ეროვნული სააგენტოსგან) დაჯარიმების რისკს. გასათვალისწინებელია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოვაჭრესთან დებს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც განუსაზღვრავს დამატებით ვადას შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრე შესაძლოა დაჯარიმებულ იქნეს მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2%-ის ოდენობით.

Contractor არის იურიდიული კომპანია, რომელიც მომხმარებელს ბიზნესთან დაკავშირებულ კვალიფიციური იურიდიული სერვისებს სთავაზობს.

Contractor არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.loialte.com.ge


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები