ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ბრძანების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შპს ანდაც ინდმეწარმე. ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს - კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს, ასევე მათი საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპანიებს საგადასახადო მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჯამური ბრუნვა 100 ათას ლარს გადააჭარბებს, მათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება გაუჩნდებათ.
რას ემსახურება საგადასახადო ცვლილებები და როგორ აისახება ისინი მცირე მეწარმეების საქმიანობაზე, "ანალიტიკას" ეთერში თეონა ჯუნჭულია, Loialte-ს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი საუბრობს.
"საგადასახადო ცვლილებების მიზანი დღგ-სგან თავის არიდების აღმოფხვრა იყო, ძირითადად, ალბათ, მცირე ბიზნესისთვის, რადგან ამას მსხვილი ბიზნესი, რა თქმა უნდა, ძირითადად არ მიმართავს.
მცირე ბიზნესები, როდესაც მათი ბრუნვა ₾100 ათასს უახლოვდება, იმისთვის რომ დღგ არ გადაიხადონ, აჩერებენ კომპანიებს, ან მეორე კომპანიით აგრძელებენ მუშაობას, ან რამდენიმე საქმიანობად რეგისტრირდებიან, რათა დაყოფილი ჰქონდეთ და ₾100 ათასიან ლიმიტში ეტეოდნენ. ეს ცვლილება ემსახურება ზუსტად იმას, რომ გადასახადის გადამხდელებმა დამატებული ღირებულების გადასახადს არ აარიდონ თავი. ამ მიზნით საგადასახადო ორგანომ კონტროლი უკვე გაამკაცრა, პრაქტიკაში როგორ აამუშავებს მერე გამოჩნდება", - განმარტავს თეონა კუნჭულია.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ცვლილებებმა ბიზნესი არ დააზარალოს, ზუსტად უნდა გადამოწმდეს, რამდენად აკმაყოფილებს ერთ დასაბეგრ პირად გაერთიანებისთვის სუბიექტი კრიტერიუმებს.
"არ უნდა დაზარალდეს ბიზნესი და კომპანიების გაერთიანება სუბიექტურ შეხედულებებს არ უნდა ეყრდნობოდეს, რათა კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელსაც არ აქვს მიზნად, რომ გადასახადს თავი აარიდოს და უბრალოდ დივერსიფიცირებული აქვს საქმიანობა, არ მოხვდეს ამ გაერთიანებაში.
გასულ წელს, როდესაც ეს ცვლილება პირველად მიიღეს, არ იყო განმარტებული, თუ რის მიხედვით შეიძლებოდა მომხდარიყო ეს გაერთიანება. გასულ თვეს - ოქტომბერში ეს კრიტერიუმები განისაზღვრა. ახლა გაცილებით ფრთხილად უნდა იყოს ბიზნესი, რომ კომპანიები ერთ დასაბეგრ პირად არ გაუერთიანონ, ამიტომ, თავი რომ დაიცვან, რათა არ მოხდეს მათი საქმიანობის გაერთიანება იმ ნაწილში, სადაც კეთილსინდისიერები არიან", - ამბობს თეონა კუნჭულია.
Loialte-ს პარტნიორი ფიქრობს, რომ ცვლილება მცირე ბიზნესისთვის, შესაძლოა, დაბრკოლებად იქცეს, რადგან მათ ყოველთვის არ აქვთ საშუალება, ფეხი აუწყონ საგადასახადო სიახლეებს, თუმცა არ არის მოსალოდნელი, რომ აღნიშნული ცვლილება მცირე ბიზნესისთვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
"ცვლილებები რამდენადაც ხშირად შედის ძალაში, მცირე ბიზნესი იმდენად სწრაფად ვერ ეწევა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მათგანი ვერ ახერხებს, მაგალითად, აუდიტორის, პროფესიონალი ბუღალტრის დაქირავებას, ისინი ჩამორჩებიან საგადასახადო სიახლეებს და უფრო მეტ შეცდომებსაც უშვებენ. ამიტომ მუდმივი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მცირე ბიზნესზე გავლენას ახდენს, რამდენადაც შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მისდიონ ამ ცვლილებებს და ამან უბიძგოთ საგადასახადო სამართალდარღვევისკენ.
ამასთან, ცვლილება დააზარალებს ბიზნესს იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტული გარემოს პირობებში, მათ პროდუქტზე ფასის გაზრდა მოუწევთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვეღარ მოახერხონ საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ამ ნაწილში შეიძლება დაიჩაგროს მცირე ბიზნესი.
სიახლე დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული იმ შემთხვევაში, თუ გააერთიანებენ საქმიანობას და დღგ-ს გადამხდელად დააყენებენ. სხვა მხრივ, ალბათ, მინიმალურად, მაგალითად მაშინ, თუ დამატებითი კადრი დასჭირდება იმისთვის, რომ მაკონტროლებლად ჰყავდეს", - განმარტავს თეონა კუნჭულია.