ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შპს ანდაც ინდმეწარმე.
ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს - კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს, ასევე მათი საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპანიებს საგადასახადო მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჯამური ბრუნვა 100 ათას ლარს გადააჭარბებს, მათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება გაუჩნდებათ.
აუდიტორულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ბიზნესის გარკვეული ნაწილი დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიების და საქმიანობის დანაწევრების სქემას მართლაც მიმართავს. ამიტომ მათი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ახალი მიდგომა გარკვეულწილად გამართლებულია.
თუმცა „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, საქმიანობის სახესთან დაკავშირებით დადგენილი კრიტერიუმები გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რომ საგადასახადო ორგანომ ერთ დასაბეგრ პირად კეთილსინდისიერი კომპანიებიც მიიჩნიოს. კერძოდ, კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც კომპანიების საქმიანობის სახე იდენტურად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთსა და იმავე, ასევე ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას განხორციელების შემთხვევაშიც.
„ვერ ვიტყვით, რომ ბოლო წლებში კომპანიების მხრიდან დღგ-ს გადახდის თავის არიდების მიზნით ახალი საწარმოების დაფუძნების ფაქტები ძალიან ბევრია. თუმცა ამ ფორმით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ფაქტები მაინც არსებობს. შესაბამისად, გარკვეულწილად ახალი რეგულაცია საჭირო იყო. მთავარია, შემოსავლების სამსახურმა ამის გამოყენება სწორად მოახდინოს და იმ გადამხდელების შემთხვევაში, სადაც მათი ბრუნვები გასაერთიანებელი არაა, ეს არ მოხდეს. ამ მიმართულებით ძალიან სახიფათოა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც არაა აუცილებელი კომპანიები ზუსტად ერთი და იგივე საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ ბიზნესსექტორში მსგავსი საქმიანობა რომ გასწიონ, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მათი ბრუნვების დაჯამება მოხდეს“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.