მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10-12 წელი სტუმარმასპინძლობა არ ემზადებოდა იმისთვის, რომ რუსეთისთვის სუფრა გაეშალა" - ლუკა ნაჭყებია

ნაჭყებია

შეფი, ლუკა ნაჭყებიას განცხადებით, სტუმარმასპინძლობის სექტორი ამდენი წელი იმისთვის არ ემზადებოდა, რომ საბოლოო ჯამში რუსეთისთვის სუფრა გაეშალა. ამის შესახებ მან სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების მიერ დაორგანიზებულ პროევროპულ, საპროტესტო მარშზე BM.GE-ის განუცხადა.

მისი თქმით, სექტორის მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა იმ პატიმრების გათავისუფლებაა, რომლებიც აქციებზე უსამართლოდ არიან დაკავებული.

„სტუმარმასპინძლობის სექტორში მთავარი არის სტუმარი და სტუმარი სანამ კარგად არ იქნება, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ახალი წელი აღვნიშნოთ ან ამდაგვარი. მოქალაქეების ნაწილი ვერ ხვდება, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებები კეთილდღეობაზე. პური რომ ეს ფასი არ უნდა იყოს და ფქვილი, რომ აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის კონკრეტული ორგანოების მიერ. ასევე, ეკონომიკას მანიპულაციას რომ უკეთებენ, მაგაზე რატომღაც არავინ არ ფიქრობს?!

ვიცი, რომ ბოლო თვის განმავლობაში ვაჭრობა, ფაქტობრივად, დავარდნილია. კი, შეიძლება ხალხს დააბრალონ, ვინც პროტესტს გამოხატავს, მაგრამ რაკი ვაჭრობა დავარდნილია, რაკი ასე ძალიან მოქმედებს და ამ ხალხის ბრალია, ანუ ეს ხალხი ეკონომიკის მამოძრავებელია ხომ? უნდა ესმოდეთ, რომ ეკონომიკის მამოძრავებელ ხალხს უნდა დაუჯერო, სხვა გზა არ გაქვს. ან ეკონომიკა ჩამოიქცევა. 10-12 წელი სტუმარმასპინძლობა არ ემზადებოდა იმისთვის, რომ რუსეთისთვის სუფრა გაეშალა. საქართველოში მკაფიო გეზი ევროპისკენ იყო, რომ ქართული კულინარია, ექსპორტი გლობალური გამხდარიყო“,- აცხადებს ნაჭყებია.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანს საქართველოს კულტურა და კულინარია უყვარს, მიზანი ამ კულტურის პატივისცემა და გლობალიზაცია უნდა იყოს. თუმცა, როდესაც ამას სახელმწიფო აფერხებს, ქართული კულტურის წინააღმდეგ სიარულია.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში დეზერტირების ბაზარზე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და პარლამენტის მიმართულებით მარშისთვის ემზადებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები