მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10% გამოგვეხმაურა, რომ სურს SMS-რეკლამის მიღება“ - რეზო მაღალაშვილის მოლოდინები

ბრენდები

Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ 1 მარტიდან მომხმარებლებისთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეზღუდვა ბიზნესს ფინანსებს დაუზოგავს.

როგორც მაღალაშვილი BMG-სთან განმარტავს, ხარჯების შემცირებასთან ერთად, ცვლილება კომუნიკაციის ეფექტიანობასაც გაზრდის, ვინაიდან მოძველებული ბაზების გამოყენებით გაგზავნილი სარეკლამო SMS-ები არაეფექტიანია.

„ბაზები რომ ძველდება, გაუგებარია ხოლმე ადამიანები კითხულობენ, თუ არა სარეკლამო SMS-ებს. ნაკლებ დანახარჯთან ერთად, გაგზავნილი SMS-ების წაკითხვის მეტი შანსი იქნება, რაც ამ მოძველებულ არხს უფრო ეფექტურს გახდის. შედეგად დარჩება ბაზები, რომლის შემადგენლობაც ვალიდურია. ნელ-ნელა უფრო თანამედროვე საკომუნიკაციო არხებზე უნდა გადავიდეთ და პრინციპში გადასულებიც ვართ სოციალური მედიით კომუნიკაციაზე“,- ამბობს „სინომი რითეილის” დირექტორი.

აღსანიშნია, რომ ახალი კანონის თანახმად, შეტყობინებების გასაგზავნად კომპანიებს მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა სჭირდებათ. რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ რამდენჯერმე გაიგზავნა საინფორმაციო შეტყობინებები, თუმცა დადებითი პასუხების რაოდენობა მცირეა.

„დაახლოებით 10% გამოგვეხმაურა, რომ სურს დარჩენა. ალბათ ძალიან ბევრმა არც წაიკითხა. რამდენჯერმე გავუგზავნეთ მომხმარებლებს შეტყობინება და სავარაუდოდ, ერთხელ კიდევ მოვასწრებთ ვადის ამოწურვამდე. ამით მაქსიმალურად მივაღწევთ იმ რაოდენობას, ვინც დაინტერესებულია სიახლეები მიიღოს. ცხადია, ვისაც სამომავლოდ დააინტერესებს, საშუალება ექნება დაემატოს ამ ბაზებში“,- აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

ცნობისთვის, „სინომი რითეილი“ ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ის წარმოდგენილია 22 ბრენდით და 70 მაღაზიით, რომელთა შორისაცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები