„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ გუდაურში მათ სასტუმროში არსებული ჯავშნების რაოდენობა სეზონის განმავლობაში უკვე 80%-ს აღწევს.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ყველაზე მეტი ნომერი ისრაელიდან და "გალფის" ქვეყნებიდან იჯავშნება.
კოკაია მიიჩნევს, რომ სექტორისთვის მხარჯველ უნარიანობაზე მნიშვნელოვანი ტურისტების რაოდენობაა.
„ზამთრის კურორტებზე ტურისტების გეოგრაფია დიდად არ შეცვლილა. ძირითადად ეს არის ისრაელი, ასევე არის ე.წ. გალფის ქვეყნები და ევროპიდან ლიეტუვა. ისე არ არის რომ ახალი ბაზრები გამოჩნდა. არის ინდოეთი, ჩინეთი, თუმცა ზამთრის კურორტებზე ისინი უფრო ნაკლებად ჩამოდიან.
ევროპიდან არც ზრდაა და არც კლებაა განსაკუთრებული. ზამთარში ლიეტუვა იყო ხოლმე, ზაფხულში უფრო პოლონეთი და ცოტა გერმანია. თუმცა სხვაობაა ის, რომ მასიურად რომ მოდიოდნენ ჯგუფური ტურები, ახლა უფრო ინდივიდუალური მოგზაურები ჩამოდიან.
შარშან დიდი მოთხოვნა იყო ძალიან დაბალ ბიუჯეტურ და 5*-იან სასტუმროებზე, დიდი დანაკლისი განიცადეს საშუალო სეგმენტში მომუშავე განთავსების ობიექტებმა. ჩემი კოლეგები ნაკლებად უსვამენ ხაზს იმას, რომ მთავარი არის რაოდენობა. არ არის ისე, რომ 10 მდიდარი სტუმარი ჯობია 100 საშუალოს, არა, 100 გვირჩევნია რადგან ის დაასაქმებს მაგალითად 100 კაცს, 10 დაასაქმებს 10-ს.“ - განაცხადა კოკაიამ.
არსებული ჯავშნების გათვალისწინებით სამთო კურორტზე წელს მომხმარებელს 10%-დან 20%-მდე გაზრდილი ფასები დახვდებათ.
„სეზონზე ფასები მომატებულია ყველგან. წელს გუდაურში შედარებით მაღალი ფასები იქნება, საშუალოდ ზრდა 10%-დან 20%-მდეა, ლარებში ეს დაახლოებით 50-60 ლარია ორკაციან ნომერში.
კურორტზე გამოწვევაა ქვეითებისთვის სასიარულო ბილიკები, რაც ჯერ გაკეთებული არ არის და ყველა ველოდებით როდის გაიხსნება შემოვლითი გზა. ყველაზე მეტად რაც სჭირდება გუდაურს როგორც ეკოლოგიურად, ისე ინფრასტრუქტურულად, ეს არის ალტერნატიული გზა. არ შეიძლება ადგილს, რომელიც წყნარი კურორტად გვინდა წარმოვაჩინოთ, პირდაპირ ამ გზაზე დადიოდნენ ტრაილერები. ეს აბინძურებს გარემოს და არც უსაფრთხოა მოსახლეობისთვის.“ - განაცხადა bmg-თან ერეკლე კოკაიამ.




























